დავით ნარმანიამ „ეკონომიკურ ფორუმზე“ წყალმომარაგების სექტორის გამოწვევების შესახებ ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა „ეკონომიკური ფორუმის“ მეთხუთმეტე დისკუსიაში მიიღო, რომელიც წყალმომარაგების სექტორის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს შეეხებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.
მათი ცნობით, სემეკის თავმჯდომარემ წყალმომარაგების სექტორში არსებულ მდგომარეობასა და მარეგულირებელ ნორმებზე ისაუბრა.
„სემეკი წყალმომარაგების სექტორს 2008 წლიდან არეგულირებს. ძირითადი მიმართულებებია: წყალმომარაგების ლიცენზიების გაცემა/გაუქმება, ტარიფების დადგენა, ინვესტიციების შეთანხმება, დავების განხილვა და მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და სხვა. ამჟამად, წყალმომარაგების სექტორში 8 ლიცენზიანტი კომპანია ოპერირებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 69%-ს წყალმომარაგებით უზრუნველყოფენ.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს წყალმომარაგების სისტემებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა რამდენიმე მილიარდი ლარი შეადგინა, ამ სექტორში დღესაც საკმაოდ ბევრი გამოწვევაა. მათი გადაჭრა მასშტაბურ ღონისძიებებსა თუ საინვესტიციო პროექტებს საჭიროებს. „სემეკი“ წყალმომარაგების კომპანიებისთვის ყოველწლიურად საკვანძო მაჩვენებლების არსებულ დონესა და სამიზნე ნიშნულს ამტკიცებს. ამ მაჩვენებლებით ფასდება კომპანიების ცალკეული აქტივობები. ჩვენი მიზანია, რომ კომპანიების მიერ გასატარებელი ღონისძიებები და განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები სწორად საკვანძო მაჩვენებლების არსებული დონის გაუმჯობესებას ემსახურებოდეს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დავით ნარმანიამ ყურადღება წყალმომარაგების კომპანიების საქმიანობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ „სემეკი“ მუდმივ რეჟიმში მონიტორინგს უწევს კომპანიების მიერ საინვესტიციო პროექტების შესრულებას.
„მასშტაბურ საინვესტიციო პროექტებს ახორციელებს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, რომელიც როგორც ქალაქების, ისე სოფლის ტიპის დასახლებებს მოიცავს. მხოლოდ 2023 წელს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ 368 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
2023 წელს კომისიამ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და „ს წყლის“ 2024-2026 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები შეათანხმა, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ შემთხვევაში 363 მლნ ლარს, ხოლო შპს „ბათუმის წყლის“ შემთხვევაში 25 მლნ ლარს შეადგენს. საინვესტიციო პროექტები არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება, რომლებიც საწარმოების გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. მიმდინარე წელს ქალაქ თბილისსა და ქალაქ რუსთავში უკვე განხორციელდა წყალმომარაგების ქსელის პრობლემური ნაწილის რეაბილიტაცია. შედეგად, სახეზე გვაქვს წყალმომარაგების სისტემაში ავარიების რაოდენობის და დანაკარგების შემცირების ტენდენცია.
აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციასა და ქსელის გაციფრულებას. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი ინვესტორი კომპანია „აქუალია“ არის ყველაზე მსხვილი დარგობრივი ინვესტორი საქართველოში, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ოპერირებს და დარგში ერთ-ერთი მთავარი ლიდერია. მისი მთავარი მიზანი საქართველოში ევროპული სტანდარტების დანერგვაა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
„ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში მონაწილეობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აქტივების მართვის დირექტორმა გიგა ნადირაძემ მიიღეს. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოს გონზალეზმა მიმართა. დისკუსიას მოდერატორობა „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა გაუწია.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?