დავით მჟავანაძე – ნაცვლად იმისა, რომ მდინარე ნატანებზე ქვა-ღორღის მოპოვებაზე აუქციონის შესახებ ყოფილიყო საჯარო ინფორმაცია მოსახლეობისთვის, ეს ინფორმაცია გამოაქვეყნეს amazon.com-ზე – ეს არის კორუფციის კლასიკური მაგალითი

ნაცვლად იმისა, რომ მდინარე ნატანებზე ქვა-ღორღის მოპოვებაზე აუქციონის შესახებ ყოფილიყო საჯარო ინფორმაცია მოსახლეობისთვის, ეს ინფორმაცია გამოაქვეყნეს amazon.com-ზე. ეს არის კორუფციის კლასიკური მაგალითი და ძმები თალაკვაძეების გარეშე ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით მჟავანაძემ განაცხადა.
მჟავანაძე პროკურატურას მოუწოდებს, რომ აღნიშნული ფაქტით დაინტერესდეს.
„მინდა გამოვეხმაურო მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონს, რომელიც ეხება მდინარე ნატანებზე ქვა-ღორღის მოპოვებას. დავიწყოთ იმით, რომ მდინარე ნატანებზე ხელისუფლებამ 300 000 ლარამდე დახარჯა იმისთვის, რომ ნაპირსამაგრი სამუშოები ჩაეტარებინა და შემდეგ უკვე ზუსტად იმავე ლოკაციაზე, სადაც დაიხარჯა ასობით ათასი ლარი, გადაწყვიტეს რომ ქვა-ღორღის მოპოვებისათვის საჭირო ლიცენზია გასცეს, თუმცა პრობლემა აქ არ მთავრდება. ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ არნახულად დიდი რაოდენობის ქვა-ღორღის ლიცენზია გაეცა, რომელიც დააზიანებს ბუნებას, დააზიანებს მდინარე ნატანებს და საუბარია 400 000 კუბზე. დიახ, 400 000 კუბის ქვა-ღორღის ამოღებისთვის ნებართვა გასცა, მაგრამ არც აქ მთავრდება მათი ფანტაზიები და არც აქ მთავრდება ის დანაშაულებრივი სქემა, რომელთანაც ჩვენ გვაქვს შეხება.
მას შემდეგ, როდესაც სხვადასხვა კომპანიებმა მიიღეს მონაწილეობა აღნიშნულ აუქციონში. (ჩემი ინფორმაციით შეიტანეს საგარანტიო თანხა, რომელიც შეადგენდა ღირებულების 10 პროცენტს და ეს იყო 40 000 ლარამდე) სწორედ, იმის გამო, რომ დაფიქსირდა სხვა მონაწილე პირებიც, არც მეტი, არც ნაკლები აუქციონის გამომცხადებელმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გააუქმა აუქციონი, გამოაცხადა ხელახალი აუქციონი, სადაც აბსოლუტურად დატოვა ყველაფერი ისე როგორც იყო, გარდა ერთისა – გაზარდა მხოლოდ და მხოლოდ საგარანტიო თანხის ღირებულება და ნაცვლად 40 000 ლარისა, ის განისაზღვრა თითქმის 200 000 ლარამდე, რაც მიუთითებს იმას, რომ კონკრეტული აუქციონი მორგებულია კონკრეტულ კომპანიაზე და იმისთვის, რომ არ მისცემოდა სხვა კომპანიებს ამ აუქციონში მონაწილეობის საშუალება, გამოცხადდეს ასეთი მაღალი თანხა, თუმცა არც აქ მთავრდება ეს ყველაფერი.
ჩვენ ვიცით, რომ არსებობს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც უნდა გამოცხადდეს ბრძანების მიღებიდან გარკვეული პერიოდში, 20 დღის პერიოდში უნდა იყოს გამოქვეყნებული ინფორმაცია, უნდა იყოს, მოსახლეობის ფართო ჩართულობა, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებმა არც ერთი გაითვალისწინა და არც მეორე, მოსახლეობას საერთოდ დაუმალა ინფორმაცია და ყოველგვარი კანონის დარღვევით ხუთი დღის ვადაში გამოაცხადეს აუქციონი, ნაცვლად ოც დღიანი ვალდებულებისა. ეს ინფორმაცია რომ არ გავრცელებულიყო და არ გამხდარიყო ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი, ინფორმაცია გამოაქვეყნეს amazon.com- ზე. ნაცვლად იმისა, რომ ინფორმაცია გავრცელებულიყო ქართულ ბეჭდვით მედიაში, ტელევიზიაში, ოფიციალური საშუალებით, ეს ინფორმაცია გამოქვეყნებული amazon.com-ზე იქ, სადაც მხოლოდ და მხოლოდ მის დამდებს, თუ შეეძლო ენახა, რადგან ასეთ ინფორმაციებს არავინ არ ეძებს amazon.com-ზე. ეს არის დასტური იმისა, რომ აქ არის კორუფციის კლასიკური ნიმუში და ამის სათავეში დგას ძმები თალაკვაძეები, რადგან მათ გარეშე ვერავინ ვერ გაბედავდა და ვერ მიიღებდა მსგავს გადაწყვეტილებას მათ შორის აუქციონის გაუქმების და შემდეგ ხელახალი ჩატარების. ვფიქრობ, რომ აქ არის გარდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და მოვუწოდებ პროკურატურას, რომ დაინტერესდეს. გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტროს უკვე ოფიციალურად მივმართეთ წერილობით, რათა შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და მოვუწოდებ ეკონომიკის სამინისტროს პასუხისმგებელ პირებს, რომ ყურადღებით მოეკიდონ აღნიშნულ საკითხს და მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ხალხისთვის და არა კორუმპირებული ჩინოვნიკებისთვის“, – განაცხადა დავით მჟავანაძემ, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.