პარტიების აკრძალვა რეალობაში არაფერს შეცვლის – თუ „კომუნისტი“ გია ვოლსკი პოლიტიკაში ყოფნას ამიკრძალავს, ლაპარაკს და ხალხთან კომუნიკაციას ვერ ამიკრძალავენ, ფორმალობები კი არაფერში გვჭირდება! – ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრებს მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას „კომუნისტები“ „არაფორმალებს“ ეძახდნენ და არაფორმალობა ჩვენი არჩევანი კი არა, ხელისუფლების მიერ შექმნილი რეალობა და ფაქტობრივი მოცემულობაა! – ამის შესახებ სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ მოთხოვნაზე“ კომენტირებისას, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა დავით მჟავანაძემ განაცხადა.
როგორც მჟავანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, ბოლოს ქვეყანაში ასეთი ვითარება ზუსტად 35 წლის წინ იყო, როცა „კომუნისტურ“ რეჟიმს ყველა სხვა პარტია აკრძალული ჰყავდა.
რაც შეეხება „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებულ განცხადებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული პირების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით ამ ეტაპზე აღარ მიმართავენ, თუმცა „პარტიის აკრძალვის შემდეგ დააკვირდებიან, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები და თუ ამას დაინახავენ, მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს“, მჟავანაძის თქმით, იმის გაკეთება, რის თაობაზეც „ქართული ოცნება“ საუბრობს, შეუძლებელია, რადგან ასეთ შემთხვევაში სტალინური რეპრესიები უნდა განახორციელონ, როცა ასეულობით ადამიანი გაანადგურეს.
მჟავანაძის შეფასებით, საქართველოს დემოკრატიულად განვითარების ბედი ქუჩაში პროტესტით გადაწყდება.
„აქამდე რა დე-ფაქტო მოცემულობაც გვქონდა, „ოცნების“ რეჟიმი ახლა ამის ფორმალიზებას ახდენს როდესაც პარტიულ მრავალფეროვნებასაც კი კრძალავს.
„ქართული ოცნების“ გამო საარჩევნო პოლიტიკური პროცესი ამ აკრძალვის გარეშე ისედაც მკვდარი იყო – განსაკუთრებით შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგად პირდაპირ აღმოჩნდა, რომ აქ არჩევნები აღარ ტარდება. საქართველოში აღარ დარჩა არც ერთი თავისუფალი და ნეიტრალური ინსტიტუცია. მთავარი პოლიტიკური პროცესი არის არა საარჩევნო უბნებზე ან ინსტიტუციებში, არამედ ქუჩაში. ჩვენთვის ეს აკრძალვა რეალურად არაფერს ცვლის და არაფერს ნიშნავს. ჩვენი პარტიის ყველა ლიდერი ციხეშია. კარგა ხანია ჩვენი კოალიციის წინააღმდეგ მაქსიმალური რეპრესიები და შევიწროებაა „ოცნების“ მხრიდან, მაგრამ ვარსებობთ, ახალი წევრებიც გვემატება და პროტესტსაც ვაძლიერებთ.
„ოცნებას“ შეიძლება ჰგონია, რომ თუ ფურცელზე აგკრძალავენ, ამით განსხვავებული აზრი და მათ მიმართ წინააღმდეგობა აიკრძალება, მაგრამ ეს ასე არ მოხდება. გასაგებია, რა ფაზაშიც შევიდნენ – ალბათ, საკუთარ თავსაც აჯერებენ და კობახიძის გუნდი ივანიშვილსაც აჯერებს, რომ ეს რეალურ შედეგს მოიტანს, მაგრამ არაფერს მოიტანს. ეს მათთვის დამაზიანებელი იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების დიდი ნაწილისთვის ეს გადაწყვეტილება გასაგები და ადეკვატური არ იქნება.
ბოლოს ქვეყანაში ასეთი ვითარება ზუსტად 35 წლის წინ იყო, როცა „კომუნისტურ“ რეჟიმს ყველა სხვა პარტია აკრძალული ჰყავდა. 1990 წლის 28 ოქტომბერს პირველად მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა და საქართველომ უარი თქვა რეჟიმზე, რომელშიც ათწლეულების განმავლობაში ვცხოვრობდით. „ოცნებამ“ 35 წლის თავზე გადაწყვიტა, რომ იქ უნდა დავბურდეთ და მის გარდა ყველა უნდა აკრძალოს. ეს ასე ვერ მოხდება!
ქვეყანაში დემოკრატიის გადამრჩენი პროცესი არის პროტესტი, რომელიც რუსთაველის გამზირზე და მთლიანად ქვეყანაში მიდის. ეს არის მთავარი სივრცე სადაც პოლიტიკა კეთდება – დიდი ხანია, სხვა სივრცე აღარ არსებობს. შეიძლება ეს ვიღაცებისთვის რადიკალურ ფორმად არის მიჩნეული, შეიძლება ეს ვიღაცისთვის მოსაწონი ფორმა არ არის, მაგრამ ისტორიულად ასეთ მშვიდობიან პროტესტებს იმპერიები წაუქცევია. ინდოეთში – მაჰათმა განდის მიერ, საბჭოთა კავშირიც ამან დაანგრია. ეს ნაცადი, დემოკრატიული და ხალხოსნური გზაა, როდესაც სხვა გზა აღარ რჩება, რომ ხელისუფლებას ებრძოლო.
აქამდეც ეს იყო გასაკეთებელი, რომ სამოქალაქო და პოლიტიკურ ჯგუფებს მეტი ორგანიზება და კოორდინირება გვჭირდებოდა, რომ პროტესტი გაგვეძლიერებინა, ქვეყნის შიგნით დეზინფორმაციასთან ეფექტურად გვებრძოლა და ქვეყნის გარეთ ერთ ხმაში გველაპარაკა. ამის გაკეთება იყო საჭირო, განსაკუთრებით ბოლო ერთ წელიწადში. პარტიების აკრძალვა ამაში დაგვეხმარება და დაგვაჩქარებს!
გასაგებია, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ გვექნება, მაგრამ თუ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა შეგვეძლო, მივიღეთ მონაწილეობა თუ რა?! 4 ოქტომბრის არჩევნებში არ შევედით, რადგან გასაგებია, რომ ეს ყალბი პროცესი იყო. თუ ყალბ არჩევნებში შესვლა ფორმალურად არ შეგვეძლება, ეს ჩვენ ხელს არ შეგვიშლის.
ჩვენი მთავარი მიზანი ფორმალური გაერთიანება მაინც არასდროს იყო. არც გვიფიქრია, რომ თუ ფორმალურად რაღაც ბრენდის ქვეშ არა ვართ გაერთიანებული, ისე ვერ ვიფუნქციონირებთ. საარჩევნო ნომერი რომ წაგვართვეს, რეაქცია არ გვქონია, რადგან ნომერი და დასახელება არაფერს ნიშნავდა. მთავარია იდეა და ადამიანები, ვისაც იდეა გვაერთიანებს.
თუ „კომუნისტი“ გია ვოლსკი პოლიტიკაში ყოფნას ამიკრძალავს, ამით რას იზამს? – სახლიდან არ გამომიშვებენ თუ ინტერნეტ სივრცეში ვერ ვიტყვი იმას, რისი თქმაც მინდა?!
იოსებ სტალინმაც ვერ მიაღწია ამ ტიპის აზრის ჩახშობას, ვიდრე 37-38 წლებში ათიათასობით ადამიანი არ გაწყვიტა. მანამდე იმდენი აჯანყება მოხდა, იმდენი წინააღმდეგობა იყო, რომ სტალინიც კი ვერ ერეოდა ამ პატარა საქართველოში. ესენი რას მოერევიან – სახლიდან გამოსვლას ამიკრძალავენ?!“ – განაცხადა დავით მჟავანაძემ.

 
				 
								
 
								

