დავით მჟავანაძე – ვინც აქციის ორგანიზატორად მიიჩნევდა თავს და ახლა ამბობს, „გვეგონა გეგმა იყოო“, დიდი უპასუხისმგებლობაა – მურთაზ ზოდელავა კი ჩვენი კოალიციის წევრი აღარაა ზუსტად იმის გამო, რომ 4 ოქტომბერზე ვერ ვთანხმდებოდით

ვინც 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორად მიიჩნევდა და ახლა ამბობს, „გვეგონა გეგმა იყო და არ იყოო“, დიდი უპასუხისმგებლობაა. რიგითი ადამიანი თუ იტყვის ამას, აბსოლუტურად გასაგებია – ამ პროცესში ჩართულმა ყველა ადამიანმა თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს – ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ გადაჭარბებული მოლოდინების შექმნა და „ბოლო ბრძოლის“ გამოცხადება რომელიმე დღეს გონივრული არ იყო,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, დავით მჟავანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც 4 ოქტომბერს გამართული აქცია და პრეზიდენტის რეზიდენციასთან განვითარებული პროცესები შეაფასა.
მჟავანაძის თქმით, მათი კოალიცია ათონელის რეზიდენციასთან მომხდარ შემთხვევაში „არც ჩართული ყოფილა და არც მხარდამჭერი“.
„ჩვენი კოალიციის წევრები მკაფიოდ, ხმამაღლა და თანმიმდევრულად ვსაუბრობდით, რომ 4 ოქტომბერს დაგეგმილი აქცია იყო მნიშვნელოვანი, რომელსაც ვუერთდებოდით. ჩვენი კოალიცია ყველაზე მრავალრიცხოვნად იყო წარმოდგენილი ამ მანიფესტაციაზე, როგორც ამ დღის შემადგენელი ნაწილი. თუმცა ყოველთვის ვამბობდით, რომ რაღაცა ტიპის გადაჭარბებული მოლოდინების შექმნა და „ბოლო ბრძოლის“ გამოცხადება რომელიმე დღეს, არ იყო გონივრული. ეს იყო ჩვენი შეთანხმებული პოზიცია. ამისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, მათ შორის, აქციის ორგანიზატორებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და მათ შორის, ანა წითლიძეს.
საბოლოოდ, ჩვენ ჩვენი პოზიციის ერთგული დავრჩით, ასევე, ამ საპროტესტო აქციის და მანიფესტაციის. რაც შეეხება ინციდენტს, რაც იქ მოხდა, ამაში არც ჩართულები ვყოფილვართ და არც მხარდამჭერები.
ეს „ქართული ოცნების“ პროპაგანდაა. ჩვენ არ გავდიოდით „დამხობის აქციაზე“, გავდიოდით იმ აქციაზე, სადაც უკვე, 311 დღეა გავდივართ. ზოგი აქცია უფრო მრავალრიცხოვანია, ზოგი უფრო ნაკლებად. 4-შიც გავდიოდით განგრძობადი პროტესტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქციაზე. „დამხობის“ მოწოდებას თუ რაღაც მსგავსს, ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ ამ პროცესს ასე არ ვხედავთ. „გეგმას ველოდებოდიო“ რომ ამბობდნენ ადამიანები, რიგითი აქტივისტი ან რიგითი ადამიანი თუ იტყვის ამას, აბსოლუტურად გასაგებია, თუმცა, ვინც ორგანიზატორად მიიჩნევდა თავს, მათ შორის ანა წითლიძე ან „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრები, რომლებიც გარეთ არიან და რომლებმაც საღამოს გამოგვიცხადეს, რომ „გვეგონა გეგმა იყო და არ იყოო“, დიდი უპასუხისმგებლობაა. ჩემი მოწოდებაა, რომ ამ პროცესში ჩართულმა ყველა ადამიანმა თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, პროცესი გადაიაზროს და შემდეგ გავაგრძელოთ პოლიტიკური ცხოვრება.
რაც შეხება მურთაზ ზოდელავას, ის ჩვენი კოალიციის წევრი არ არის. ორივე ნიკას დაკავების შემდეგ, ის რაღაც პერიოდი მოვიდა პარტიაში, გარკვეული თანამშრომლობა გვქონდა, თუმცა ზუსტად იმის გამო, რომ 4 ოქტომბერს ვერ ვთანხმდებოდით…
რაც შეეხება იმას, ჩვენ ვიცოდით თუ არ ვიცოდით გეგმა – კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ რაც ვიცოდით. რა კომუნიკაციაც გვქონია როგორც საჯაროდ, ისე კერძო არხებით, ჩვენი პოზიცია იყო ის, რომ ჩვენთვის ეს არ ჩანს როგორც რეალისტური დაპირება და მოლოდინი 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. ამას ამ ადამიანებს პირადად ვეუბნებოდით და საჯაროდაც. არავის ვემიჯნებით. ეს არ არის სწორი ფორმულირება“, – განაცხადა მჟავანაძემ.
როგორც გადაცემაში მჟავანაძემ განმარტა, როდესაც აქციის მონაწილეების ნაწილი ათონელის რეზიდენციისკენ წავიდა, მაშინ მისი კოალიციის წევრები რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ და „არც ორგანიზებულად და არც არაორგანიზებულად“ პრეზიდენტის სასახლისკენ არ წასულან.
„ჩვენ ვიყავით რუსთაველზე, ათონელისკენ არ წავსულვართ არც ორგანიზებულად და არც არაორგანიზებულად. პრინციპში, არათუ ჩვენ, არამედ იქ მყოფი მანიფესტანტების 97% არ წასულა ათონელის რეზიდენციისკენ, მცირე ჯგუფი წავიდა. ამიტომაც, ეს ინციდენტი, რაც იქ მოხდა, ეპიზოდური საგამონაკლისო ინციდენტი იყო. 4 ოქტომბრის აქცია თავისი არსით ძალიან მშვიდობიანი და მრავალრიცხოვანი იყო. რუსთაველზე ვიყავით ბოლომდე.
დაპატიმრებული პირები ცალსახად პოლიტიკური პატიმრები არიან. მთელი ეს პროცესი და დაპირისპირება, რაც შექმნილია, „ქართული ოცნების“ მიერ ნასაზრდოები და გამოწვეულია. მ პირდაპირ განაცხადა, რომ მანიფესტანტები შემოვიტყუეთ და მერე სიურპრიზი მოვუმზადეთო. ხმებიც კი დადის, რომ ეს ჯებირიც მონჯღრეული იყო, რომ ადვილად შესულიყვნენ იქ ადამიანები. პირდაპირ აღიარა „ქართულმა ოცნებამ“, რომ მის მოქალაქეებს ხაფანგი დაუგო. შესაბამისად, ყველა ადამიანი, ვინც აქ იყო ჩართული, რა თქმა უნდა, რომ პოლიტიკური პატიმარია.
ჭკუაც უნდა ვისწავლოთ და ისწავლონ ადამიანებმა, რომ გადაჭარბებული მოლოდინებისა და იმიტაციური პროცესების ნაცვლად, სჯობს, ხალხის განწყობებს ვუპასუხოთ“, – განაცხადა მჟავანაძემ.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში, 23 ადამიანი დააკავა, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. -ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება.
მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერებს – პაატა ბურჭულაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, სა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ. 18 სამოქალაქო აქტივისტის შესახებ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დაკავებულ 13 აქტივისტს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ცხრა წლამდე) წარედგინათ. დანარჩენ 5 აქტივისტს ბრალდება ჯერ არ წარდგენიათ.
რაც შეეხება 5 პირს, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ – მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.