დავით მირცხულავა: მჯერა, სემეკი გაზრდის დენის ტარიფს

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, კომპანია „საქართველოს განახლებადი ენერგიების“ დირექტორი დავით მირცხულავა ელექტროენერგიის გაძვირებას ელოდება. „მჯერა, ტარიფი ზუსტად იმდენით გაიზრდება, რაც სჭირდება დღეს ენერგეტიკას“, – განაცხადა ენერგეტიკოსმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში და იქვე დასძინა, რომ მოსახლეობის სტაბილურ ელექტრომარაგებასა და ფასს შორის პირდაპირი კავშირი არსებობს.

როგორც ცნობილია, სემეკი ელექტროენერგიის ახალ ტარიფს 30 მარტის სხდომაზე დაადგენს. მოლოდინია, რომ დენის ტარიფი გაძვირდება, რადგან ბოლო სამი თვეა, სემეკის მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად, ისედაც დროებითი ტარიფი მოქმედებდა. სემეკმა ენერგოკომპანიებს ჯერ კიდევ, შარშან, 12 დეკემბერს განუსაზღვრა მომდევნო ხუთი წლის საინვესტიციო გეგმა – “ენერგო-პრო ჯორჯიამ” 1.5 მილიარდი ლარი უნდა დახარჯოს, ხოლო “თელასმა“ 400 მილიონი ლარი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, რაც ლოგიკურად დენის ტარიფში აისახება.

ინტერვიუ დავით მირცხულავასთან

– თქვენც იმ ენერგეტიკოსებს შორის ხართ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ტარიფის გაზრდა გარდაუვალია. როგორ აუხსნიდით მოსახლეობას ამ არჩევანის გარდაუვალობას, რომ ან უნდა გადავიხადოთ ოდნავ მეტი იმისთვის, რომ გვქონდეს უწყვეტი ელექტროენერგია, ან, შესაძლოა, პერიოდულად ისევ მოგვიწიოს „მეცხრე ბლოკის“ ეპოქის გახსენება?

– ბევრ რაიონში დღესაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, მოსახლეობამ ეს იცის… თქვენც აღნიშნეთ, რომ თოვლის დროს პრობლემები სწორედ იმ „ვიწრო ადგილებში“ იჩენს თავს, რაც ქართულ ენერგეტიკულ სისტემაში არსებობს – ქვესადგურებში, რომლებიც 50-60 წლისაა. ამ ქვესადგურებში მოწყობილობებიც ამდენივე წლისაა, მრავალი რამ არის შესაცვლელი და მათი გამოცვლა მუდმივად მიმდინარეობს. ტარიფის ზრდა ყოველთვის იყო დაკავშირებული შესაბამის საინვესტიციო გეგმასთან. გვინდა თუ არა საიმედო, უსაფრთხო ენერგოსისტემა?! საიმედოობასა და ღირებულებას შორის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულებაა. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ სემეკი გაზრდის ტარიფს; ამას ყველა ენერგოკომპანია და მთელი დარგი ელოდება. [ენერგეტიკულ] კომპანიებს დიდი საინვესტიციო გეგმები აქვთ და, ბუნებრივია, თუ ეს არ განხორციელდა და არ გაიზარდა ქსელებისა თუ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურის საიმედოობა, ჩვენ მივიღებთ იმ შედეგს, რაც თქვენ ახსენეთ – გათიშვები გახშირდება. ასევე, მოგეხსენებათ, გენერაციის უამრავი ახალი ობიექტი შედის მწყობრში და ძირითადი პრობლემა ქსელთან მიერთებებს უკავშირდება. ეს უზარმაზარი გამოწვევაა, თუმცა ეს მარტო ჩვენი პრობლემა არ არის – დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაშიც ანალოგიური ვითარებაა, იქაც ქსელი მუდმივ განახლებას მოითხოვს. მით უმეტეს, შემოდის ახალი ტექნოლოგიები სხვა პროექტებთან დაკავშირებითაც. აგრეთვე, ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანა თვითკმარი გახდეს. ალბათ გახსოვთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ 2030 წლისთვის ეს იქნება დაახლოებით, 10 000 მეგავატი, შემდეგ კი ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ 2036 წლისთვის მაჩვენებელი 11 000-ს მიაღწევს და საქართველოს ენერგოსისტემა თვითკმარი გახდება. ეს ამოცანები რეალურია.

– თუ სემეკს, წინა წლის დეკემბრის მსგავსად, მარტის ბოლოსაც მოუწია არგუმენტების მოძებნა ტარიფის შესანარჩუნებლად, რა გზავნილი იქნება ეს ინვესტორებისთვის -მათთვის, ვინც ჰიდრო, მზის თუ ქარის სადგურებს აშენებს?

– ეს არ იქნება კარგი გზავნილი… არ მჯერა, რომ ტარიფი არ გაიზრდება. მჯერა, რომ ტარიფი გონივრულად მოიმატებს – ზუსტად იმდენით, რამდენიც დღეს ენერგეტიკას სჭირდება. მარეგულირებელი კომისია ძალიან დეტალურად, პედანტურად უდგება ყველა საინვესტიციო გეგმის განხილვას. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ ამაში და ეს უკვე თითქმის ყველა სპეციალისტმა იცის – დაახლოებით როგორ და რის გამო მოხდება ეს. ის საინვესტიციო გეგმა, რაც სემეკმა „თელასს“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განუსაზღვრა, თითქმის ₾2 მილიარდამდეა. 2 მილიარდი ისეთი ინვესტიციაა, რომელსაც ინვესტორი არ განახორციელებს, თუ თანხის გონივრულ ვადაში დაბრუნების გარანტია არ ექნება. ენერგეტიკა გრძელვადიანი ბიზნესია, ეს არ არის ვაჭრობა, სადაც ფულს სწრაფად იბრუნებ. ინვესტორები ჩადებულ რესურსს ძალიან შორ მომავალში იღებენ უკან. აქედან გამომდინარე, სემეკი შეეცდება ოპტიმალურად მოძებნოს ის ნიშნული, სადამდეც ტარიფი უნდა გაიზარდოს. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს მოხდება.

– დაველოდოთ 30 მარტს და სემეკის სხდომის შედეგებს.

– ნამდვილად არ არის სასიამოვნო [ტარიფის ზრდა], თუმცა ვფიქრობ, მოსახლეობისთვის გაცილებით უარესი იქნება, თუ გათიშვები სისტემატური გახდება.