ეს სამარცხვინო დოკუმენტი არც ერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს რაიმე ფორმით საქართველოსთან მეგობრობის სულისკვეთების მატარებელ დოკუმენტს და აქ „გლობალური დიფ სთეითის“ ხელი ძალიან აშკარად და ცალსახად იკვეთება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „MEGOBAR აქტზე“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პირობებში, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა არსებითად ახალი ფურცლიდან დაიწყება და „ეს სამარცხვინო დოკუმენტები არ იქნება ხელის შემშლელი იმისთვის, რომ ურთიერთობა გადაიტვირთოს“.
„სამწუხაროდ, ეს დოკუმენტი ნამდვილად არ წარმოადგენს მეგობარ აქტს და ჩვენ აბსოლუტურად სხვა მოლოდინი გვაქვს შეერთებულო შტატების ახალი ადმინისტრაციისგან. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის, თვითონ შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის რიტორიკა, განცხადებები, პოლიტიკური ხაზის ლაიტმოტივი დიდწილად ემთხვევა „ქართული ოცნების“, საქართველოს ხელისუფლების რიტორიკას, პოლიტიკას. შესაბამისად, ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ თანხვედრების, საგარეო პოლიტიკურ ჭრილში არსებული ვითარების კვალობაზე მოხდეს არსებითი გადატვირთვა, ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება, ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა და არა მხოლოდ ფურცელზე. რაც შეეხება იმ აქტს, ამ სამარცხვინო დოკუმენტს – ბუნებრივია, ის არ წარმოადგენს არც ერთ შემთხვევაში რაიმე ფორმით საქართველოსთან მეგობრობის სულისკვეთების მატარებელ დოკუმენტს და აქ „გლობალური დიფ სთეითის“ ხელი ძალიან აშკარად და ცალსახად იკვეთება. ჩვენ, ბუნებრივია, იმედი გვაქვს, რომ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ჩვენი ურთიერთობა არსებითად ახალი ფურცლიდან დაიწყება და ეს რაღაც სამარცხვინო დოკუმენტები არ იქნება ხელის შემშლელი იმისთვის, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობა გადაიტვირთოს,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დღეს „MEGOBARI აქტს“ განიხილავენ. ინფორმაციას წარმომადგენელთა პალატა ავრცელებს. ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარ აქტს“ მხარი მიმდინარე წლის 27 მარტს დაუჭირა. კანონპროექტი, სახელწოდებით “საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და კონგრესმენ მარკ უიზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად. კონგრესმენების განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.
