დავით მათიკაშვილი – ჯო უილსონის მოღვაწეობა და საქართველოსთან დამოკიდებულება ტყუილით და ცილისწამებით არის სავსე – რას უხდიან ამ ადამიანს, ან რა აქვს ჯამაგირი, რის ხარჯზეც ის ამდენ ტყუილს კადრულობს?!

ჯო უილსონის მოღვაწეობა და საქართველოსთან დამოკიდებულება ტყუილით და ცილისწამებით არის სავსე – რას უხდიან ამ ადამიანს, ან რა აქვს ჯამაგირი, რის ხარჯზეც ის ამდენ ტყუილს კადრულობს?! – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, „ჯო უილსონი და მისი ჯამაგირი, რომელიც აშკარად, ამ ლობიზმისთვის კეზერაშვილის მიერ არის გადახდილი, ნამდვილად არ ესადაგება იმ ურთიერთობას, რაც საქართველოს და შეერთებულ შტატებს უნდა ჰქონდეს“.
„ცილისწამება ცილისწამებით მოედინება მისგან საქართველოსთან მიმართებით და სამწუხაროდ, არაფერზე არ ამბობს უარს, ოღონდ კი რაღაც თავისი გეზი გააგრძელოს, რაც ჩვენი ქვეყნისადმი სრულად მტრულ დამოკიდებულებას გულისხმობს. ვინც კი წაიკითხა წერილი, რომელიც გაგზავნილია შეერთებული შტატების პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის სახელზე, იქ აუცილებლად ნახავდა ძალიან მნიშვნელოვან ერთ ლაიტმოტივს, რომ ჩვენ მზად ვართ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობისთვის და ეს ურთიერთობა უნდა იყოს ღია, ურთიერთსარგებლიანი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, -ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წერილს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა უხამსობაა“.
„ოქტომბერში თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ქართული სახელმწიფოს უკანონოდ მიტაცების შემდეგ, კრიმინალი ივანიშვილის დაჯგუფებამ: ყოველდღიურად ანტი-ამერიკული პროპაგანდა გაავრცელა; პრეზიდენტ ტრამპს კორუმპირებულობა დააბრალა; ჩინეთის კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ ამერიკული კომპანიები გააგდო; ირანში ტერორისტულ რეჟიმთან კავშირები გააღრმავა; ოპოზიცია აკრძალა; უდანაშაულო ხალხი სცემა და დააპატიმრა. პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა უხამსობაა“, – წერს უილსონი.