განსხვავებით ხაზარაძე-ჯაფარიძისგან, რომლებმაც უპატივცემულობა გამოიჩინეს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, დანაშაული ჩაიდინეს და სამართლიანად იხდიდნენ სასჯელს, ქვეყნის პრეზიდენტი საკითხს სახელმწიფოებრივად უდგება იმ პოლიტიკური მდგენელის გათვალისწინებით, რაც არჩევნებს უკავშირდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მიხეილ ყაველაშვილის მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ახლა სრული მოცემულობაა იმისთვის, რომ „ძლიერმა საქართველომ“ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი განახორციელოს და არჩევნებში რაიმე სოლიდური ნაბიჯი გადადგას.
„ფაქტია და ნათელია – იმის მიუხედავად, რომ დამნაშავეები სასჯელს იხდიან, წინასაარჩევნო კამპანია ტარდება და არჩევნებიც ჩატარდება, მაგრამ იმისთვის, რომ ნებისმიერი სპეკულაცია თავიდან იყოს არიდებული და ნებისმიერ პროვოკაციას წერტილი დაესვას, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და ეს ორი დამნაშავე გარეთ გამოუშვა. ამით საზოგადოებისთვის ღიად, კეთილი ნებით გადაიდგა სახელმწიფოებრივი ნაბიჯი, რომ მიუხედავად ჩადენილი დანაშაულისა, არჩევნებთან დაკავშირებით არ დარჩეს არცერთი სპეკულაციური ფორმით რაიმე წიაღსვლა. სახელმწიფო ყველა კუთხით – როგორც სამართლებრივად, ასევე მორალურად და პოლიტიკურად პირნათელია. ისედაც იყო, მაგრამ დღეს კიდევ უფრო არის სრული მოცემულობა იმისა, რომ თუ რაიმე ფორმით ეს უსუსტესი პოლიტიკურ ძალა, რომელსაც იმის თავიც არ აქვს, რომ ყველა ოლქში შესაბამისი კანდიდატი წარადგინოს, ფიქრობს, რომ რაიმე რესურსი აქვს, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი განახორციელონ და არჩევნებში რაიმე სოლიდური ნაბიჯი გადადგან. ბუნებრივია, ასეთი ვერ მოხდება, რადგან ამ რადიკალურ პოლიტიკურ ძალას წარმატების მიღწევისთვის არანაირი რეალური ნიადაგი არ გააჩნია.
რაც შეეხება ბულინგს და ნეგატიურ დამოკიდებულებას, რადიკალების დღის წესრიგი იმდენად ნეგატიურია, ერთმანეთის მიმართ იმდენად დიდ უპატივცემულობას გამოხატავენ და ისეთი რღვევაა დაწყებული კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“, რომ აქ გასაკვირი არაფერია. საკუთარ პარტიაშიც არ ერიდებიან ისეთ რეპლიკებს, რომელიც თვითონვე შეურაცხყოფს ხაზარაძეს და ჯაფარიძეს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალოს დანარჩენი პოლიტიკოსებიც, მათიკაშვილმა უპასუხა, რომ „ეს პრეზიდენტზეა დამოკიდებული“.
„ვერ გეტყვით, რა იქნება პრეზიდენტის სამომავლო გადაწყვეტილებები. ეს პრეზიდენტზეა დამოკიდებული. ცხადია, რომ ამ კონკრეტულ მოცემულობაში, ხაზარაძე-ჯაფარიძესთან მიმართებაში ადრეც იყო პრეზიდენტის მხრიდან შეთავაზება, ამიტომ ეს დღის წესრიგი გასაგებია. იმისთვის, რომ პოლიტიკური მდგენელი იყოს ყოველგვარი სპეკულაციისგან თავისუფალი, პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი გადადგა. სხვა პირთან მიმართებით ასეთი განაცხადი არ ყოფილა“, – განმარტა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. ყაველაშვილმა მიღებული გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მას სურს არავის დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება.
ასევე შეგახსენებთ, რომ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 23 ივნისს პარტიის ოფისში დააკავეს. მათი დაკავება მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით მოხდა, რომელმაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ორივე ლიდერი დამნაშავედ ცნო.
მათ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი და ამავე დროს, აკრძალული თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
