საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ერთ დროს მართლაც პოლიტიკური და დემოკრატიული მიზნებისთვის იქმნებოდა და აგრძელებდა საქმიანობას, დღეს ცალკეული პოლიტიკური ისთაბლიშმენტის ხელში პოლიტიკური პროპაგანდის მექანიზმებადაა ქცეული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის გადაწყვეტილებას 66 ორგანიზაციის დატოვების შესახებ, რომელთა შორის ვენეციის კომისიაცაა.
მისი თქმით, ვენეციის კომისია, რომელიც სამართლებრივი საკითხებით უნდა იყოს დაკავებული და მასზე აკეთებდეს შესაბამის ანალიზს, გადასულია პოლიტიკურ პროპაგანდაზე.
„საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ერთ დროს მართლაც პოლიტიკური და დემოკრატიული მიზნებისთვის იქმნებოდა და აგრძელებდა საქმიანობას, დღეს ცალკეული პოლიტიკური ისთაბლიშმენტის ხელში პოლიტიკური პროპაგანდის მექანიზმებადაა ქცეული. სწორედ ეს აღნიშნა შეერთებული შტატების დღევანდელმა ადმინისტრაციამ და პრეზიდენტმა ტრამპმა, როდესაც აშშ გამოვიდა ათეულობით საერთაშორისო ორგანიზაციიდან და მათ არაფრის გამკეთებელი და ფულის მხარჯველი უწოდა – ეს არის სიმართლე. მაგალითად, ვენეციის კომისია ძალიან მკაფიო და ნათელი მაგალითია – ევროსაბჭოს ქვეშ არსებული ორგანიზაცია, რომელიც სამართლებრივი საკითხებით უნდა იყოს დაკავებული და მასზე აკეთებდეს შესაბამის ანალიზს, გადასულია პოლიტიკურ პროპაგანდაზე. ეს პოლიტიკური პროპაგანდა ძალიან კარგად გამოჩნდა იმ დასკვნებში, რომელიც თუნდაც საქართველოში მიღებულ კანონებთან დაკავშირებით იქნა მიღებული მათ მიერ. იმის ნაცვლად რომ სამართლებრივ საკითხებზე მოეხდინათ აპელირება, პოლიტიკურ სიტუაციებს და წიაღსვლებს მიჰყო ხელი ვენეციის კომისიამ. ამ ერთი მაგალითიდანაც კარგად ჩანს როგორ არიან დაშორებული ვენეციის კომისია და ის უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია იმ მიზნებს, რისთვისაც ისინი რეალურად შეიქმნენ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები 66 ორგანიზაციას ტოვებს, რომელთა შორისაა ვენეციის კომისია. „პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ ტოვებს 66 ანტიამერიკულ, უსარგებლო ან მფლანგველურ საერთაშორისო ორგანიზაციას”, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში. რუბიოს ინფორმაციით, გრძელდება განხილვა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებითაც.




