ქართველი რადიკალები არიან სრულიად დემორალიზებული, საბოლოოდ დამარცხებული და ის, რასაც ეს ხალხი დღეს ჩადის, პირდაპირ არის მცდელობა, საქართველოში შექმნან ანტიამერიკული განწყობები, – ასე უპასუხა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა შეკითხვას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის მისამართით ქართველი ოპოზიციონერების განცხადებებს შეეხებოდა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც გაცხადდა დონალდ ტრამპის და თეთრი სახლის ოფიციალური საგარეო პოლიტიკა, ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში ანტიამერიკულ განცხადებებს ერთიმეორეზე მიყოლებით აკეთებენ.
„ქართველი რადიკალები არიან სრულიად დემორალიზებული, საბოლოოდ დამარცხებული და ის, რასაც ეს ხალხი დღეს ჩადის, პირდაპირ არის მცდელობა, საქართველოში შექმნან ანტიამერიკული განწყობები. ისინი ლანძღავენ ქვეყნის პრეზიდენტს [დონალდ ტრამპს]. თვე-ნახევრის წინ იყო დრო, როდესაც ერთიმეორეს ეჯიბრებოდნენ, გამოსულიყვნენ ეკრანებზე და საზოგადოებისთვის ეუწყათ თუ როგორ ახლო ურთიერთობებში არიან პრეზიდენტ ტრამპთან. ინაუგურაციის დროს ადგილებს ინაწილებდნენ, როცა მათი წარმოდგენით, შეერთებულ შტატებში დაპატიჟეს. ჯერ ერთი, არავის დაუპატიჟებია და მეორეც, როდესაც გაცხადდა დონალდ ტრამპის და თეთრი სახლის ოფიციალური საგარეო პოლიტიკა, ეს ანტიქართველები საქართველოში ანტიამერიკულ განცხადებებს ერთიმეორეზე მიყოლებით აკეთებენ – ლანძღავენ აშშ-ის პრეზიდენტს, მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, არ იშურებენ უშვერ სიტყვებს და ავლენენ საკუთარი თავს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
