დავით მათიკაშვილი – საქართველოს ევროპული წიაღიდან მადლობის მეტი არაფერი ეკუთვნის

საქართველოს ევროპული წიაღიდან მადლობის მეტი არაფერი ეკუთვნის იმ გადადგმული ნაბიჯებისთვის, რაც უახლოეს წარსულში ქვეყანამ გადადგა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშის მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ ხვალ ევროკავშირის ანგარიში ობიექტურ მოცემულობაზე დაყრდნობილი იქნება, მაშინ საქართველოს ყველა მიმართულებით მაღალი შეფასება ეკუთვნის.
„საქართველოს ევროპული წიაღიდან მადლობის მეტი არაფერი ეკუთვნის იმ გადადგმული ნაბიჯებისთვის, რაც უახლოეს წარსულში ქვეყანამ გადადგა. თუმცა, ჩვენ საქართველოს მიმართ სუბიექტივიზმით გაჯერებული ორმაგი სტანდარტი არაერთხელ გვინახავს, როცა პროგრესის დანახვა და მაჯაზე ხელის დადება არ უნდათ, რათა იმ გულისცემას დაუგდონ ყური, რაც ქართველ ხალხს აქვს. სამწუხაროდ, ის ნაწილი, ვინც საქართველოს მიმართ მტრულად არის განწყობილი, მძლავრობს. ბუნებრივია, ანგარიშის შინაარსს დაველოდებით”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება.ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს 2025 წლის გაფართოების პაკეტს წარუდგენს. ევროპარლამენტის ინფორმაციით, ამ საკითხზე გაიმართება დებატებიც, რომელიც ფოკუსირებული იქნება კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე. კომისიის მიერ აღნიშნულ ქვეყნებში ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების შეფასების შემდეგ, კომიტეტის მომხსენებლები შეიმუშავებენ რეზოლუციებს, თითოეული ქვეყნისთვის პარლამენტის დასკვნებით და რეკომენდაციებით.