დავით მათიკაშვილი – სასამართლოს თავისი დღის წესრიგი გააჩნია და თვითონ წყვეტს საკითხს, ვინ დაინიშნოს თუ არ დაინიშნოს კონკრეტულ თანამდებობაზე – ხელისუფლება სასამართლოს საქმეებში არ ერევა!

სასამართლოს თავისი დღის წესრიგი გააჩნია და თვითონ წყვეტს საკითხს, ვინ დაინიშნოს თუ არ დაინიშნოს კონკრეტულ თანამდებობაზე – ხელისუფლება სასამართლოს საქმეებში არ ერევა! – ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა კითხვას, რამდენად ჰქონდა სასამართლოს პრეზიდენტის განკარგულების გაჩერების უფლება, რომლითაც პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილი დანიშნა.
მათიკაშვილმა აღნიშნულ საკითხზე დასმულ კითხვებს „სპეკულაციური“ უწოდა და მედიის ნაწილს მიმართა, რომ მათ „2012 წლამდე არსებული სიტუაცია მოსწონთ, როცა ხელისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებებში ძალიან ღრმად და მკაცრად ერეოდა“.
მათიკაშვილმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ “სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დასანიშნ პირებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად იღებს“.
„სასამართლო არის დამოუკიდებელი ინსტანცია, სასამართლო არის ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დასანიშნ პირებთან დაკავშირებულ ბედს ის თავად წყვეტს. პრეზიდენტის უფლება არის პრეზიდენტის უფლება. სასამართლო მასთან დაკავშირებულ საკითხებს დამოუკიდებლად წყვეტს, რადგან ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოს წარმოადგენს.
რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებად მედიას ძალიან გინდათ, რომ გააშუქოთ სცენა, თუ როგორ ერევა ხელისუფლება სასამართლოს საქმეში. თქვენ მოგწონთ 2012 წლამდე არსებული სიტუაცია, როცა ხელისუფლება ძალიან ღრმად და მკაცრად ერეოდა სხვა სახელისუფლო შტოების გადაწყვეტილებებში. თქვენ ის სიტუაცია გინდათ, როცა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ძალიან ახლო ნათესავები იყვნენ და აღმასრულებელი ხელისუფლება სასამართლოს უფლებებში პირდაპირ ერეოდა. ასეთ რაღაცას თქვენ ვერ ნახავთ და ვერც მოისმენთ!“ – მიმართა მედიას დავით მათიკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ შეჩერდა. ამასთან, როგორც სასამართლოში აცხადებენ, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის ნებისმიერი ფორმით დანიშვნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს