ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ – ეს არის ქართული რადიკალიზმის ნოუ-ჰაუ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას განცხადება, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
მისი თქმით, მსოფლიოში ასეთი მეორე ფაქტი არ არსებობს, თუმცა „ეს კარგად აჩვენებს, რომ რეალურად, მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ ქართულ რადიკალურ ოპოზიციას აღარსად აქვს თითი გასაშვერი და თავის უბედურებას ერთმანეთს აბრალებენ”.
მათიკაშვილმა ისაუბრა გერმანიის ელჩზეც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, მოშიმშილე პოლიტიკოსები მოინახულა და განაცხადა, რომ „მან ყველაფერს ხაზი გადაუსვა, თუ რამე დიპლომატიური არსებობს ამ ქვეყანაზე”.
„სრულიად ამორფული და კონტექსტიდან ამოვარდნილი მოცემულობაა. ესეც რაღაც ქართული ნოუ-ჰაუა, მე მგონი – ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ კარგად გაიაზროს და გაიგოს, რას ითხოვს ელენე ხოშტარია და რაში უცხადებენ მას მხარდაჭერას. როგორ შეიძლება თვითდაზიანებით დაკავებულ ადამიანს ემპათია გამოუცხადო თვითდაზიანებაში, რაც გერმანიის ელჩმა გააკეთა. ეს სრულიად წარმოუდგენელი რაღაცაა, ყველაფერს ხაზი გადაუსვა, თუ რამე დიპლომატიური არსებობს ამ ქვეყანაზე. იმ მოცემულობაში, როდესაც ამ ქალბატონის სურვილია, შიმშილობა შეწყვიტოს მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის არჩევნებს პრობლემა შეექმნება, ბოიკოტს გამოუცხადებენ და ამ დესტრუქციის გზით მიდის, ამაში მხარდაჭერა და ამაში დახმარება გერმანიის ელჩის მხრიდან კიდევ მეორე საკითხია. ესაა სრულიად წარმოუდგენელი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. კერძოდ, „პალიტრანიუსის“ გადაცემის „პოლიტ ქალაქის“ წამყვანის კითხვაზე: „თუ ოპოზიცია შეთანხმდება და იტყვის, რომ არ მივდივართ არჩევნებზე, შეწყვეტთ შიმშილობას?“, ელენე ხოშტარიამ უპასუხა: „კი“.
