დავით მათიკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების განცხადებაზე – სამწუხაროდ, ხდება უსამართლო ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე, რომელსაც ბუნებრივია, საქართველო არ დაემორჩილება

სამწუხაროდ, ხდება უსამართლო ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე, რომელსაც ბუნებრივია, საქართველო არ დაემორჩილება, – ასე შეაფასა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის განცხადება, რომელთა თქმით, „თუ საქართველო ავტორიტარულ კურსს არ შეიცვლის, მოუწოდებენ ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს, დაიწყონ საქართველოს გაძევების პროცესი“.
დავით მათიკაშვილის განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ევროსაბჭოდან უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდებებს ისმენს.
„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სრულიად უსამართლოდ და არა ერთ, არამედ რამდენიმე სტანდარტზე დაფუძნებით, ჩვენ ევროსაბჭოდან ვიღებთ მსგავსი შინაარსის უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელსაც არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია. თუკი რაიმე ფორმით, ამ ურთიერთობების ჩაგდებით არის რომელიმე მხარე დამნაშავე, ცხადია, პირველ რიგში, ეს არის ის მხარე, რომელიც საქართველოსგან უსამართლოდ და უსაფუძვლოდ ითხოვდა კონკრეტული სახის გადაწყვეტილების მიღებას, რაც ქართველი ხალხის ნება-სურვილს არ ასახავს“,- განაცხადა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირის სხვადასხვა უწყებიდან არის მოწოდება, რომ გაუქმდეს , რომელიც დავით მათიკაშვილის შეფასებით, სრულიად სამართლიანად ჩატარდა.
„ეუთო/ოდირმა განაცხადა, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად, სამართლიან გარემოში, რომ შედგა არჩევნები და ხელისუფლება არის არჩეული. ამ ყველაფრის მიუხედავად, მათ ფეხქვეშ გათელეს ეუთო/ოდირის დასკვნა, არაფრად ჩააგდეს საკუთარი სისტემის ნაწილის განცხადებები და დასკვნები არჩევნებთან დაკავშირებით. ითხოვდნენ ისეთ გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხისგან, რომელიც ქართველი ხალხის ნება-სურვილს არ შეესაბამება. ამიტომ, ცხადია, ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ხდება უსამართლო ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე, რომელსაც ბუნებრივია, საქართველო არ დაემორჩილება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ასეთ მნიშვნელოვან განცხადებაზე ხელისუფლება რა პასუხისმგებლობას გრძნობს, დავით მათიკაშვილმა უპასუხა, რომ „მათთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას აქვს“.
„პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, როგორც სუვერენული დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილება, რასაც ქართველი ხალხი და საქართველო იღებს. ქართველმა ხალხმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც მხარი დაუჭირა საკუთარი დასკვნით ეუთო/ოდირმა და განაცხადა, რომ არჩევნები შედგა და იყო სამართლიანი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.