ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელი და დასაგმობია, ამიტომ ყველა მხარეს მოვუწოდებ, პირველ რიგში, მათ რომლებმაც პირველებმა აიღეს ეს ინიციატივა ხელში – ამ ბულინგის და ძალადობის ინიციატივა, სამწუხაროდ, სწორედ, სატელეფონო ნომრების გამოქვეყნების შემდეგ მოხდა, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმებთან დაკავშირებით განაცხადა.
მათიკაშვილი ყველა მხარეს მოუწოდებს, შეწყვიტონ მსგავსი რამ, რადგან მისი თქმით, ეს უკანონოც არის და ამორალურიც.
„ნებისმიერი სახის ძალადობა, იქნება ეს ვერბალური თუ ფიზიკური, რა თქმა უნდა, მიუღებელი და დასაგმობია. სამწუხაროდ, როგორც სწორად მახსოვს, მსგავსი ძალადობები დაიწყო მას შემდეგ, როდესაც მოხდა კონკრეტული თანამდებობის პირების, პარლამენტის წევრების და ა.შ. კონკრეტული პირების მხრიდან სატელეფონო ნომრების გასაჯაროება. ამ სატელეფონო ნომრებზე სხვადასხვა პირებმა, სხვადასხვა ქვეყნებიდან დაიწყეს რეკვა და უშვერი სიტყვებით ლანძღვა, ბულინგი. ამას მოჰყვა უკვე შემდეგი გაგრძელება. ამაზე რატი იონათამაშვილმა დაწერა პოსტი, სადაც ქრონოლოგიურად აღწერა თუ როგორ განვითარდა ძალადობა, როგორ დაესხნენ თავს უმრავლესობის ლიდერს [მამუკა მდინარაძე] კომიტეტზე კანონპროექტის განხილვის დროს. ამას ნეგატიური შეფასება ოპოზიციური ფლანგიდან არ მოჰყოლია. შემდგომ ამას როგორ მოჰყვა მოვლენების განვითარება, საზოგადოებამ კარგად იცის.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელი და დასაგმობია, ამიტომ ყველა მხარეს მოვუწოდებ, პირველ რიგში, მათ, რომლებმაც პირველებმა აიღეს ეს ინიციატივა ხელში. ჩვენ ვიცით ამ ბულინგის და ძალადობის ინიციატივა, სამწუხაროდ, სწორედ სატელეფონო ნომრების გამოქვეყნების შემდეგ მოხდა. ყველას მოვუწოდებ, შეწყვიტონ მსგავსი რამ. ეს უკანონოც არის და ამორალურიც”,- განაცხადა მათიკაშვილმა.
კითხვაზე, არის თუ არა სატელეფონო ნომრებზე ბულინგის პასუხი ის თავდასხმები, რაც ბოლო დღეებში ხდება, მათიკაშვილი პასუხობს, რომ მან ქრონოლოგიურად აღწერა მოვლენა, “ხოლო პასუხი ვინ გასცა და ვინ არ გასცა, ეს სხვა თემაა”.
“მე გითხარით, ქრონოლოგიურად როგორ მოხდა. ეს ეხება ბულინგს, შეურაცხყოფას, გინებას და ა.შ. დაიწყო შემდეგი მოვლენებიდან: პირველი, ეს იყო ფიზიკური თავდასხმა “ქართული ოცნების” ლიდერზე, მამუკა მდინარაძე. ასევე მოხდა კანონით დასჯადი ქმედება, ტელეფონის ნომრების გასაჯაროება კონკრეტული პირების მიერ. შემდგომ პასუხი ვინ გასცა და ვინ არ გასცა, ეს არის სხვა თემა. ვინ რა პასუხი გასცა, ეს პასუხი მე არ ვიცი. ფაქტი არის ის, რომ როგორც ერთს ურეკავდნენ, ისე ურეკავდნენ მეორესაც.
გამოძიება მიმდინარეობს და როცა იქნება სათანადო ინფორმაცია, ყველას გვეცოდინება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.