დავით მათიკაშვილი – არანაირი კოალიცია და „შუაშისტური“ პარტია არ არსებობს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილ მდგომარეობაში არჩევნებამდე

არანაირი კოალიცია და არანაირი „შუაშისტური“ პარტია არ არსებობს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილ მდგომარეობაში არჩევნებამდე – ამ ვითომ „შუაშისტურ“ პარტიებს შეიძლება 5%-იანი ბარიერის გადალახვაც კი გაუჭირდეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა პარტიული წარმონაქმნი კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ნაწილს წარმოადგენს.
როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს, ახლა არის მცდელობა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დაშლილი სახით 5%-იან ბარიერს “გადააპარონ” და შემდეგ თუკი ამას მიაღწევენ, კოალიციის სახით მოხდეს პარლამენტში მათი შეკვრა.
„ეს არის 2×2=4. საზოგადოებას კარგად ესმის, რომ არ არსებობს არანაირი “შუაშისტური” და სხვა ოპოზიციური პარტია, ყველა პარტიული წარმონაქმნი წარმოადგენს კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ნაწილს. ახლა არის მცდელობა, რომ დაშლილი სახით გადააპარონ 5%-იან ბარიერს და შემდეგ თუკი ამას მიაღწევენ, კოალიციის სახით მოხდეს პარლამენტში მათი შეკვრა, რაც პრინციპში არის მარტივად გაშიფვრადი გეგმა, რომელსაც ელემენტარულად რეალიზების არანაირი შანსი არ აქვს.
სიტყვა კოალიცია არის მოგონილი, თითიდან გამოწოვილი სახელი. არანაირი კოალიცია არ არსებობს. აქ კოალიციაზე კი არ არის საუბარი, ეს არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დაშლილ მდგომარეობაში არჩევნებამდე და სურვილი, ააწყონ ეს პარტია კვლავ “ნაციონალურ მოძრაობად” შემდეგ პარლამენტში და დაარქვან მას კოალიცია. ამის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. ელექტორალური მხარდაჭერა ძალზედ დაბალი აქვთ, ამ ვითომ “შუაშისტურ” პარტიებს შეიძლება 5%-იანი ბარიერის გადალახვაც კი გაუჭირდეთ,” – განაცხადა მათიკაშვილმა.
მან ასევე “ვეტინგის” სისტემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის კიდევ ერთი გზა “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, რომ სასამართლო ხელისუფლება ხელში ჩაიგდოს.
მისივე თქმით “ვეტინგის” სისტემა ქართული სუვერენული სახელმწიფოსთვის და სასამართლოსთვის სრულიად მიუღებელია.
“ვეტინგი” არის სრულიად თითიდან გამოწოვილი და რა თქმა უნდა, “ნაცმოძის” ხელში კიდევ ერთი შესაძლო იარაღი, რომ წაეპოტინოს ხელისუფლებას, რისი შანსიც მას არანაირად არ აქვს,” – განაცხადა მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ