პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი:
სადღაც წავიკითხე, რომ ერთ-ერთ აფრიკულ ქვეყანაში ფრიად გავრცელებული იყო ჯადოქრობის მუხლით გასამართლება. ვთქვათ ტიპი წაიქცა, მოიტეხა ფეხი და ეჭვი გაუჩნდა, ეს იმიტომ დამემართა, რომ მეზობელმა ჯადო გამიკეთა და დამთარსაო. მიდის ეს ტიპი სასამართლოში და მეზობელს უჩივის ჯადოქრობაზე. სასამართლოში კი ჭეშმარიტების დადგენის მიზნით გათვალისწინებულია ასეთი პროცედურა: შემოაქვთ პატარა ტომარა, რომელშიც არის ორი ხვლიკი, დედალი და მამალი. მოპასუხემ უნდა ჩაყოს ტომარაში ხელი და ამოიღოს ერთი მათგანი. თუ დედალს ამოიღებს, ესე იგი ჯადოქარია და ციხეში წავა, ხოლო თუ მამალს, მომჩივანს დასჯიან ცილისწამებისთვის.
თავის დროზე ბევრი ვიცინე ამგვარ “იურისპუდენციაზე”, მაგრამ ეს ყველაფერი გაცილებით უფრო ახლოსაა სამართალთან, ვიდრე ის კანონები, რომელთაც ბოლო დროს ქართული ოცნება იღებს, დაწყებული ტროტუარზე დგომის გამო პატიმრობით და დამთავრებული ახლახან დაანონსებული ნოვაციით, როდესაც იკრძალება ნებისმიერი წყაროდან თანხის მიცემა იმ პირისთვის, ვინც პოლიტიკურ თემაზე აზრს გამოთქვამს.
უსინდისო ვიყო ამას ხვლიკებით მარჩიელობა თუ არ ჯობდეს. ბოლო-ბოლო იქ შეიძლება გაგიმართლოს და აქ სად გინდა იჩივლო და რაზე? მსგავსი სიგიჟეები ყველაზე მდარე დისტოპიაშიც არ მინახავს, კლასიკაზე რომ არაფერი ვთქვა.
ისე კი, გარე დამკვირვებლის თვალით ფრიად სასეირო იქნებოდა იმის ყურება, თუ როგორ ხდება ამ აბსურდული ნორმების აღსრულება, აქაურებმა ვიკითხოთ თორე…
P. S. ახლა დავფიქრდი და რაც მე პოლიტიკურ თემებზე ვმსჯელობ, პროცესზე გავლენის მიზნით, ვინმემ რამე სტატია რომ შემიკვეთოს, მე უნდა დამიჭირონ, სტატიის შემკვეთი, ორივე ერთად თუ ბატონი ბიძინა როგორც გადაწყვეტს?




