დავით ზურაბიშვილი: ვინც გახარია-ხაზარაძის შეთანხმება ჩაშალა, იმსახურებს, იცხოვროს ივანიშვილის მმართველობის ქვეშ, კობახიძის პირადი მეთვალყურეობით და ზარქუას ხუმრობებს ისმენდეს

ასეთი საჩუქარი რომ მიართვა ხელისუფლებას, რომელიც უკვე სერიოზულ პანიკაში იყო, მოხერხება უნდა, – ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის განცხადებას, რომლის თანახმადაც, კოალიცია „ძლიერ საქართველოსთან“ ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ზურაბიშვილი წერს, მან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია უკიდურესად კორექტულად გამოხატა.

„ვინც გახარია-ხაზარაძის შეთანხმება ჩაშალა, ყველა იმსახურებს იმას, რომ მთელი ცხოვრება იცხოვროს ს მმართველობის ქვეშ, ირაკლი კობახიძის პირადი მეთვალყურეობით და მოცალეობის ჟამს ზარქუას ხუმრობებს ისმენდეს.

ასეთი საჩუქარი რომ მიართვა ხელისუფლებას, რომელიც უკვე სერიოზულ პანიკაში იყო, მოხერხება უნდა.

ჩათვალეთ, რომ უკიდურესად კორექტული ფორმით გამოვხატე ჩემი განწყობა, შეიძლება ითქვას, ზედმეტად კორექტული ფორმითაც“, – წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, „ძლიერ საქართველოსთან“ შეთანხმების მიღწევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათ პარტიასა და „ლელოს“ შორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

„ჩვენ გვერდზე გადავდეთ ჩვენი პარტიული ინტერესები და ყველაფერი დავთმეთ, სანაცვლოდ მეორე მხარემ ითხოვა ვადა შიდა კოალიციური შეთანხმებისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია”, – ნათქვამია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ