რეჟისორმა დავით დოიაშვილმა რეკორდი მოხსნა. მისი ახალი სპექტაკლის “ზაფხული ღამის სიზმარი” ბილეთები ზუსტად 5 წუთში სრულად გაიყიდა. მას შემდეგ, რაც დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან მოხსნეს, რეჟისორი უბრუნდება სცენას “ახალი ქართული თეატრის” პირველი სპექტაკლით. უილიამ შექსპირის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით დადგმული წარმოდგენის პრემიერა სამეფო უბნის თეატრში 14 და 15 ოქტომბერს გაიმართება. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები გივიკო ბარათაშვილი, ნიკუშა ბაქრაძე, სალომე თოფურია, მანუ თავაძე, სანდრო სამხარაძე, ლაშა მებუკე, ტასო ჭანტურაია, გოგა გველესიანი, ნიკო თავაძე, ნინო კასრაძე, ნანკა კალატოზიშვილი, ტიტე კომახიძე, ნატა მურვანიძე, ანდრო ჭიჭინაძე.
“სრული რეკორდი: ანშლაგი ზუსტად 5 წუთში! თვალებს ვერ ვუჯერებთ!
« შეუძლებლად რაც გვეჩვენებოდა, ბედნიერებად იქცა – სიყვარული ყველაზე შეშლილ ღამეს გადაიქცევს ხოლმე სასწაულად! »
ძალიან დიდი მადლობა, უძვირფასესო ადამიანებო! თქვენი თანადგომა არის ყველაფერი!
თვალი ადევნეთ სამეფო უბნის თეატრისა და ახალი ქართული თეატრი გვერდებს სპექტაკლის შემდეგი თარიღებისთვის!” – ნათქვამია სამეფო უბნის თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შექსპირის უკვდავ კომედიაში შეყვარებულები, მმართველები და მსახიობები სამყაროთა შორის საზღვრებს ისე კვეთენ, როგორც მხოლოდ სიზმარში, ან თეატრშია შესაძლებელი. ისინი უღრან ტყეში იკარგებიან, როგორც რეალური ცხოვრების ქაოსში, სადაც ნამდვილი და ყალბი ამბები, სიზმარი, სიყვარული, ოცნება და რეალობა ერთმანეთშია გადახლართული და თანამედროვე ღამის კოშმარს ქმნის.
სად ამბობენ სიმართლეს?
სად თამაშდება ნამდვილი სიყვარული?
რაც აქ ვნახეთ სიზმარი იყო?