დავით დოიაშვილი: ვერასდროს ნახავთ მორჩილ თეატრს, გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები 20 იანვრამდე

“მოვითხოვთ ანდრო ჭიჭინაძის და სხვა პოლიტპატიმრების გამოშვებას 20 იანვრამდე” – ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ამ თეატრის მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე რეჟიმმა გუშინ პატიმრობაში დატოვა.

“აქამდე ჩვენ ავირჩიეთ პროტესტის პასიური ფორმა. დღეს კი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი და მე, მისი სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით დოიაშვილი მოვითხოვთ ამავე თეატრის მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის და სხვა პოლიტპატიმრების გუშინდელი გადაწყვეტილების გადახედვას და მის გამოშვებას არაუგვიანეს 20 იანვრამდე იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე ვერ წარმოადგინეს და არც არსებობს მის მიმართ არანაირი მტკიცებულება, რაც მის სისხლის სამართლის დანაშაულს დაადასტურებს.

ჩვენი მოთხოვნის არგათვალისწინების შემთხვევაში ჩვენ პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე და გაჩვენებთ, რეალურად რა ძალა აქვს ხელოვნებას. გპირდებით, თქვენ ვერასდროს ნახავთ მორჩილ თეატრს. თქვენ უკვე ნახეთ გაჩერებული თეატრი, მაგრამ თქვენ არ გინახავთ თეატრი – ერთი რიგითი ჯარიკაცისთვის მებრძოლი. ჩვენ ვიქნებით ეს თეატრი.

თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრებს” – თქვა დოიაშვილმა.

10 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 ადამიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა.

სასამართლო სხდომაზე 11 ადამიანის –  ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის ერთ წარმოებად გაერთიანებული საქმეები განიხილეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში