სამთავრობო და პროპაგანდისტული ტელეკომპანია იმედის განცხადებით, ქართული ოცნების კულტურის სამინისტრომ რეჟისორი დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლა.
პროპაგანდისტული იმედი კულტურის სამინისტროს განცხადებას ავრცელებს.
“„ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი“ არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.
კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების განმავლობაში შეჩერებული იყო.
აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, – წერია კულტურის სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც პროპაგანდისტული ტელეკომპანია იმედი ავრცელებს.
