ადამიანებს დისკურსი არ უნდა უკონტროლო, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ეს არის ნორმა – რადგან ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ქვეყანა წარმოადგინოს და ერის ლიდერად მოგვევლინოს, მაშინ საზოგადოებისგან მწარე სიტყვების გაგონებისთვის მზად უნდა იყოს, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, რითაც იმას გამოეხმაურა, რომ „ქართული ოცნების“ საჩივრის საფუძველზე, პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის ფაქტზე, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული სტატუსების გამო ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სასამართლოში დაიბარეს.
მისი თქმით, პოლიტიკური დევნაა, როდესაც კანონები მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის ან ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ არის მიღებული.
„საჯარო ფიგურების შეურაცხყოფის თემა ერთ-ერთია ჩვენი დემოკრატიული სტანდარტებიდან გადახვევის გზაზე. ჯერ ერთი სტანდარტებში ზის საჯარო ფიგურებისთვის თმენის უფრო მაღალი ვალდებულება, ვიდრე ეს იქნებიან კერძო ფიზიკური პირები. მათ მიმართ ის, რაც შეიძლება ვინმეს მიერ შეურაცხყოფად იყოს აღქმული, არის ჩვეულებრივი დამოკიდებულება. რადგან ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ქვეყანა წარმოადგინოს და ერის ლიდერად თუ მამად მოგვევლინოს, მაშინ ამ ერის წარმომადგენლებისგან მწარე სიტყვების გაგონებისთვის მზად უნდა იყოს.
პოლონური მაგალითი აქტუალური გახდა. ტუსკს ოპონენტები ხან გერმანიის აგენტს ეძახიან, ხან რუსეთის აგენტს, ხან რის აგენტს და ხან რის. ჩვეულებრივი ამბავია. როცა შედიხარ დემოკრატიულ პოლიტიკურ სივრცეში და გინდა, იქ გამარჯვებას მიაღწიო, ასეთი რამეებისთვის მზად უნდა იყო. ადამიანებს დისკურსი არ უნდა უკონტროლო, მით უმეტეს, ძალიან სუბიექტურად. ეს არის ნორმა, ეს არის სტანდარტი, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, დემოკრატიული და უნივერსალური, იმიტომ, რომ მას არღვევენ ავტორიტარულ ქვეყნებში. მაშინ გამოაცხადონ პირდაპირ, რომ დემოკრატია აღარ არის ღირებულება და ავტორიტარიზმს აშენებენ. იყვნენ თანამიმდევრულები და უფრო გასაგები იქნება, რასთან გვაქვს საქმე.
მეორე, რატომაც ასეთი ნაბიჯები დაუშვებელია, არის ის, რომ ცალსახად პოლიტიკური დევნის სახე აქვს და ცალსახად, ცალმხრივად არის მიმართული. ის არ ეხება ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის ან მედიის წარმომადგენლების შეურაცხყოფას, გინებას. ყველაზე უფრო უშვერი სიტყვების გამოყენებას მათ მიმართ არანაირად არ ეხება, არადა ეს ყოველდღიურობად იქცა წლებია უკვე ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან. მათ შორის, მაღალი ტრიბუნებიდან ოპონენტების შეურაცხყოფა სტანდარტად დაამკვიდრეს და ამაზე არავითარი რეაქცია არ არის საკანონმდებლო ცვლილებებში და სამართალდამცავი სტრუქტურები ამაზე არ დარდობენ. ეს არის პოლიტიკური დევნა, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის ან ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ არის კანონები მიღებული,“ – განაცხადა დარჩიაშვილმა.
გარდა ამ საკითხისა, მან გადაცემაში საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესაძლებლობის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს არადემოკრატიული ნაბიჯებისგანაა განპირობებული.
„არამც და არამც საქართველო არ მოხვდებოდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლის წინააღმდეგად პოლონეთი განწყობილია, რომ თავისუფალი სავიზო რეჟიმი გააუქმოს, რომ არა საქართველოს ხელისუფლების არადემოკრატიული ნაბიჯები, იმიტომ, რომ ქართულ-პოლონურ ურთიერთობებს ძალიან ღრმა ისტორია აქვს. ყველა მთავრობა, რომელიც პოლონეთს ჰყოლია, იყო საქართველოს მიმართ მეგობრულად, სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებით განწყობილი. თუ ვინმეს ეს ისტორია აინტერესებს, შეუძლია გაეცნოს, მეც დავეხმარები უანგაროდ, ხელისუფლების წარმომადგენლებს ვგულისხმობ. ამიტომ ასეთი ნაბიჯების გადადგმა დღეს პოლონეთის მხრიდან არ არის ზოგადად ევროპული განწყობების დემონსტრაცია. ეს არის ის, რომ პოლონეთიც, დღევანდელი ქართული ხელისუფლების ქმედებებს აღიქვამს იგივე საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ. დემოკრატიისგან გადახვევა სწორედ არის საკუთარი ეროვნული ინტერესების ღალატი,“ – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
გარდა ამისა, მან ბრიტანეთის საელჩოს გადაწყვეტილებაც შეაფასა, გააუქმოს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული საგრანტო წინადადებები და განაცხადა, რომ საელჩო ხელისუფლებას ახსენებს, რომ „ეს ყველაფერი ადგილობრივი არჩევნების ლეგიტიმურობას ურტყამს“.
„ხელისუფლება ადგას საბჭოთა ტრადიციას რომ ყველა იყოს კონტროლის ქვეშ, ყველაზე ჰქონდეთ ე.წ. კომპრომატი და ასეთ პირობებში პრინციპში, ბრიტანეთის საელჩოს განცხადება აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი ადგილობრივი არჩევნების ლეგიტიმურობას ურტყამს, რაც ასე თითქოს უნდა ადარდებდეთ ხელისუფლების წარმომადგენლებს. როგორც ჩანს, არ დარდობენ, ან ვერ აკავშირებენ. სამოქალაქო საზოგადოების დარტყმა არჩევნების პროცესს კიდევ უფრო არალეგიტიმურს აქცევს. ბრიტანეთის საელჩო თავისი განცხადებით ამას ახსენებს. ამ ვითარებაში ისევ და ისევ ძლიერდება არგუმენტი მათი, ვინც ამბობს, რომ შეუძლებელია საქართველოში ნორმალურ საარჩევნო გარემოზე საუბარი,“ – განაცხადა დარჩიაშვილმა.
