სამართლებრივი პროცესები, რაც მიმდინარეობს, არის კარიკატურული, – ამის შესახებ საჯარო მმართველობის ექსპერტმა დავით გუნაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.
გუნაშვილმა ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენებზე და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” რეპრესიულ აპარატს ქმნის, ქართულმა საზოგადოებამ კი ამაში ხელი უნდა შეუშალოს და “რეჟიმის დემონტაჟი” უნდა მოახდინოს.
“ხშირად ვამბობ, რომ რასთანაც ჩვენ ახლა საქმე გვაქვს, ეს არის რუსული, მოღალატეობრივი რეჟიმი, ყველა, ვინც ამ რეჟიმშია, არის თავიდან ბოლომდე რუსული რეჟიმის წარმომადგენელი, ვინც ემსახურება ამ რეჟიმს პოლიტიკურ დონეზე, ინსტიტუციურ დონეზე, ორგანიზაციულ დონეზე. აქ არის კატეგორია, რომელიც უნებლიედ არის სისტემურ მარწუხებში მოქცეული, მაგალითად, პოლიციელები, უსაფრთხოების სექტორი, სხვადასხვა სპეციალისტი, საჯარო მოხელეები და ა.შ. და ეს ადამიანები დასახსნელები არიან ამ პროცესისგან.
ჩვენი მთავარი ამოცანაა, ფოკუსი გავასწოროთ და ამ საზოგადოების ყველაზე აქტიურმა ნაწილმა როგორმე ბოლომდე მივიყვანოთ ჩვენი კონსოლიდაციის პროცესი, ჩვენი ძალების ფორმირების პროცესი და არაძალისმიერი მეთოდით, მაგრამ უკომპრომისოდ, ძალიან მძაფრად მოვახდინოთ ამ რეჟიმის პარალიზება, დავიწყოთ ამ რეჟიმის დემონტაჟი იმიტომ, რომ ესენი რეალურად ამკვიდრებენ რეჟიმს, სადაც აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არანაირ მექანიზმს, არანაირ ინსტრუმენტს, არანაირ საკანონმდებლო მოცემულობას, რომელიც სამართლიანობას უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოში, იცავდეს ვინმეს უფლებას რაიმე ფორმით. ამათ შემოჰყავთ მიდგომა, რომ ნებისმიერი გამოვლინება, რომელიც ამ რეჟიმს ამა თუ იმ ფორმით პრობლემას უქმნის, ზიანს აყენებს ან აფერხებს, ეს პრობლემა უნდა იქნას განეიტრალებული და ამისთვის ქმნიან რეპრესიულ აპარატს. შესაბამისად, ამ რეპრესიული აპარატის ფორმირების პროცესში ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ.
მე დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება დამონებას არ შეეგუება, კოლექტიური ქართველი არ არის არავის მონა.
ახლა რა სასამართლოც გვაქვს ჩვენ, ეს არ არის სასამართლო, ეს არის რეჟიმის მსახურებაში მყოფი, მოსამართლეების მანტიაში გამოწყობილი ხალხი, რომლებიც პირდაპირ დაკვეთებს ასრულებენ. სუს-ი აკონტროლებს ამ სასამართლოს, სუს-იდან იღებენ დირექტივებს და მიმდინარეობს შეთანხმება, ვის რა მიუსაჯონ, ვის რა გაუკეთონ და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად ნულოვანი დამოუკიდებლობა, ნულოვანი ავტონომია აქვს ამ სასამართლოს და არის ამ მოღალატეობრივი რეჟიმის ინსტრუმენტი. ასევე არის პროკურატურა და ის სამართლებრივი პროცესები, რაც მიმდინარეობს, არის კარიკატურული”, – განაცხადა დავით გუნაშვილმა.
