„ქართული ოცნება“ ომში გვითრევს ევროკავშირთან – მალე რუსეთის მათრახით ვიბრძოლებთ ევროპელების წინააღმდეგ, – ამის შესახებ საჯარო მმართველობის ექსპერტმა, ჯგუფი „ფარის“ წევრმა, დავით გუნაშვილმა განაცხადა.
როგორც გუნაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, ევროკავშირთან დაკავშირებული ყველა მიღწევა – ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება და ღრმა ეკონომიკური ინტეგრაცია – არ იყო ხელისუფლების დამსახურება, არამედ ხალხისა და საზოგადოების მოთხოვნით მიღწეული პროგრესი.
„ჩვენ მოსახლეობას რამხელა შესაძლებლობა მიეცა, რომ ვიზების გარეშე ემოგზაურათ. ეს ხომ მარტო მოგზაურობა არ არის?! ეს არის შესაძლებლობა იმ სოციუმთან ურთიერთობა დაალაგო – სამკურნალო, განათლება, ბიზნესი, კონტაქტების დამყარება, ამასთან გაიხსნა ევროპის ბაზარი …
ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და მთელი ეს შლეიფი თავიდანვე ყველაფერში გვატყუებდნენ: როდესაც ვიზალიბერალიზაცია მოგვილოცეს, ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც ჩვენი დამსახურებაა, მთელი ეს პროგრესი, რაც ფიქსირდებოდა ევროკავშირთან მიმართებაში, თურმე ესენი გვატყუებდნენ. გამოდის, რომ ისინი არიან თაღლითები და მატყუარები.
მოღალატეობრივი ძალა – „ქართული ოცნება“ ომში გვითრევს ევროკავშირთან, რადგან დასავლური სამყარო იმყოფება ომში რუსეთთან და უკრაინა არის ამის წინა ხაზზე. სხვათა შორის, ჩვენც წინა ხაზზე ვართ ჰიბრიდული ომის ამბავში. რა პოლიტიკას ესენი ატარებენენ, ჩვენ მალე რუსეთის მხარეს აღმოვჩნდებით და გამოდის რომ რუსეთის მათრახის ქვეშ უნდა ვებრძოლოთ ევროპელებს. ეს არის ის, რაც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს უნდოდა?!“,- განაცხადა გუნაშვილმა.
მისი თქმით, ქართველი ხალხის პროგრესი იმ დონეზეა, რომ ის „რუსული მონობის“ ფერხულში თავს აღარ ჩაიგდებს და მზად არის ბოლომდე იბრძოლოს თავისუფლებისთვის.
გუნაშვილი ხაზგასმით აცხადებს, რომ ბრძოლა დაიწყება ცივილური მეთოდებით, თუმცა თუ საჭირო გახდა, „ბოლომდე წავლენ“.
„იმედი მაქვს, რომ ჩვენი საზოგადოების აქტიური ნაწილი მოახდენს ძალების კონსოლიდაციას და ამ რეჟიმს სერიოზულად შევუტევთ და ჩვენ ამათ მოვაშორებთ აქედან. ქართულმა საზოგადოებამ იმხელა პროგრესი იგემა, რომ ამ რუსული მონების ფერხულში არ გადაიგდებს თავის თავს. ამ ქართველ ხალხში არის კატეგორია, რომელიც ამისთვის იბრძოლებს ბოლომდე, სისხლის ბოლო წვეთამდე. ამიტომ, ჯერ ჩვენ ვეცდებით ეს ყველაფერი მოვაგვაროთ ცივილიზებული მეთოდებით, მაგრამ საბოლოო ჯამში, ბოლომდე წავალთ სადაც წასავლელები ვიქნებით. ქვეყნიდან გაქცევას ჩვენ არ ვაპირებთ და მონურ რეჟიმში ცხოვრებასაც არ ვაპირებთ. ამიტომ, ან ესენი იქნებიან, ან ჩვენ!“,- განაცხადა გუნაშვილმა.
