დავით ბერძენიშვილი – ხელისუფლების ერთადერთი იმედი იყო, რომ ოპოზიცია ერთმანეთს დაჭამდა, დარწმუნდნენ, რომ ასე არ არის – “ოცნება“ აპირებს არა არჩევნების გაყალბებას, არამედ არჩევნების ქვითრის გამოწერას, უფრო მძიმე ბრძოლა მოგვიწევს

კარგია, რომ „ლელო“ გამსხვილების გზით მიდის – „ლელო“ როგორც ჩანს არის მეოთხე პოლიტიკური ცენტრის შემქმნელი, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც პარტიების „ლელო“, „-ხალხისთვის“ და მოძრაობის „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანებას ეხმაურება.
როგორც დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, „ლელოსთან“, რესპუბლიკელების დაახლოება ჯერჯერობით არ იგეგმება, თუმცა „როგორც „ლელოსთან“ ისე ბევრ სხვა პოლიტიკურ ჯგუფთან ჩვენი მოკრძალებული შესაძლებლობებით ვიქნებით პოსტსაარჩევნო კოალიციაში“.
„კარგია, რომ „ლელო“ გამსხვილების გზით მიდის. „ლელოს“ გამსხვილება მხარდაჭერილია მთელი ქართული ოპოზიციის მიერ. ჩვენი ამოცანაა, რომ კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სუბიექტები აღმოჩნდნენ 5%-ს ზემოთ და არა ქვევით. მე, რა თქმა უნდა, მერჩია, რომ სამ სუბიექტში ჩატეულიყვნენ ძირითადი ოპოზიციური ძალები. „ლელოს“ „ახალს“, „დროას“, „გირჩს“ და კიდევ რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტს, „რესპუბლიკელების“ ჩათლით, მოვიაზრებდი ერთ, დიდ, მძლავრ პოლიტიკურ სუბიექტად, რომელიც პოსტს-საარჩევნოდ ითანამშრომლებდა, როგორც „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ასევე, ბარიერგადამლახავ გახარიას პარტიასთან. ამას არ სამომავლოდ გამოვრიცხავ, მაგრამ თუ ეს სამი ცენტრი არ გამოდის, მაშინ იქნება ოთხი და „ლელო“ როგორც ჩანს არის მეოთხე პოლიტიკური ცენტრის შემქმნელი. ანა დოლიძეს აქვს გარკვეული შესაძლებლობები, რეიტინგი, ხმები და ბუნებრივია არც ანა დოლიძის პარტია არ უნდა დარჩეს ბარიერგადამლახველი პლატფორმების მიღმა“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
დავით ბერძნიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ერთადერთი იმედი იყო რომ ოპოზიცია გაერთიანებას ვერ მოახერხებდა და ბევრი პარტია 5%-ის მიღმა დარჩებოდა, თუმცა ახლა უკვე დარწმუნდნენ, რომ ეს ასე არ არის.
„ხელისუფლების ერთადერთი იმედი იყო, რომ ოპოზიცია ერთმანეთს დაჭამდა და მაღალი 5%-იანი ბარიერის პირობებში ბევრი გადაულახავი ოპოზიციური ხმა წავიდოდა სახელისუფლებო ყულაბაში და უმცირესობით, 37-40%-ით ის უმრავლესობას მოიპოვებს. ახლა დარწმუნდნენ, რომ ეს ასე არ არის, ამიტომ „ქართული ოცნება“ აპირებს არა არჩევნების გაყალბებას, არამედ არჩევნების ქვითრის გამოწერას. ჩვენ კიდევ უფრო მძიმე ბრძოლა მოგვიწევს მოსალოდნელი გამარჯვების დასაცავად, ვიდრე ეს ბრძოლა იყო 2003 თუ 20012 წელს. პოლიტიკური სპექტრი ადეკვატურად ასახავს ამ შექმნის ვითარებას და მიმდინარეობს გამსხვილების პროცესი“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.