პრეზიდენტის ინიციატივით დაგეგმილი ღონისძიება დეპოლარიზაციის ნაცვლად, მხოლოდ იმას გამოაჩენს, რამხელა დაპირისპირება და უფსკრულია დღევანდელ პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით ბაქრაძე ამბობს, რომ ის პრეზიდენტის ღონისძიებაში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს.
„აღნიშნული ფორმატით ეს ღონისძიება ვერანაირად ვერ მოემსახურება დეპოლარიზაციას, ვინაიდან, ერთი მხრივ, მასში მონაწილეობას არ იღებენ ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილი თანამდებობის პირები – მაგალითად, ყოფილი პრეზიდენტები, ყოფილი პრემიერები და მინისტრები და მეორე მხრივ, მასში არ მონაწილეობს დღევანდელი ხელისუფლება. ამიტომ დეპოლარიზაციის ნაცვლად, ეს ღონისძიება ამ ფორმატით მხოლოდ იმას გამოაჩენს, რამხელა დაპირისპირება და უფსკრულია დღევანდელ პოლიტიკაში.
მე, რა თქმა უნდა, მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო საქართველოს ევროპული სტატუსისა და ევროინტეგრაციის პროცესისთვის, მაგრამ ამ ფორმატით ამ კონკრეტულ ღონისძიებაში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ და შესაბამისად, მონაწილეობას არ ვაპირებ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 13 დეკემბერს, ევროკავშირის ქვეყნებიდან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კამპანიის “ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში შეგროვილ ხელმოწერებს გადასცემს. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, იმედოვნებს, რომ ამ ღონისძიებას ასევე დაესწრებიან საქართველოს ყველა დროის ხელისუფლების წარმომადგენლები, პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ევროპისკენ სვლაში.