ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე, დავით არახამია “ურთიერთობის ნორმალიზებაზე” საქართველოს მთავრობას პასუხობს.
არახამია 3 პირობას ასახელებს, რომელთა შესრულებაც მისი თქმით, საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს შეუწყობს.
“საქართველოს პროკრემლისტური ხელისუფლება რაღაც მოთხოვნებს გვიყენებს, რომ ჩვენი მოქალაქეები გადავცეთ “ურთიერთობების ნორმალიზების” მოტივით.
თუ მართლა ვისაუბრებთ “ნორმალიზებაზე”, მაშინ ამისთვის არსებობს გეგმა:
1. ციხიდან გაათავისუფლონ და დაგვიბრუნონ ჩვენი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. 2. შეწყვიტონ რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ავიამიმოსვლა, რასაც თვითონ ქართველი ხალხი ითხოვს.
3. შეწყვიტონ აგრესორის დახმარება სანქციების თავიდან არიდების ნაწილში.
ასეთ შემთხვევაში ურთიერთობების ნორმალიზება მარტივად წარიმართება”, – წერს დავით არახამია.
საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, “ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ”.
“გამოვთქვამთ იმედს, რომ უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება მეგობრულ სულისკვეთებას საქართველოსა და უკრაინას, ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის. უპირველეს ყოვლისა, ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ”, – წერია მთავრობის განცხადებაში.