დავითაშვილის მეშვიდე გოლი – კაცნაკლული “სენტ-ეტიენი” “ლილთან” დამარცხდა

ლიგა 1-ის მეოცე ტურში „სენტ-ეტიენი“ გასვლაზე „ლილთან“ 1:4 დამარცხდა.
სტუმრები ზურიკო დავითაშვილმა დააწინაურა – ცენტრში ბურთი რემი კაბელას აართვა, დრიბლინგით საჯარიმოში შეიჭრა, წააქციეს და მოპოვებული პენალტი თავად უზადოდ შეასრულა. მასპინძლებმა ანგარიში პირველივე ტაიმში თერთმეტმეტრიანით გაათანაბრეს. შესვენების შემდეგ ბატუბინსიკა ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევეს და „სენტ-ეტიენი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. თუმცა, სტუმრებმა შეტევები გააგრძელეს, პირისპირ გასულ დავითაშვილს გატანა მეკარე შევალიემ არ დაანება. მერე აქტიურ ქართველს გუდმუნდსონი ეუხეშა და ყვითელი ბარათი მიიღო. აქედან მოყოლებული „ლილი“ უპირატესობას დაეუფლა, კიდევ სამჯერ დალაშქრა ლარსონერის კარი და
დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ზურიკო 87-ე წუთზე შეცვალეს და თავის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: sofascore 7.3, flashscore 7.1, whoscored 6.9. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 19 მატჩში 7 გოლი და 2 საგოლე პასია.
„სენტ-ეტიენი“ ამ მომენტისთვის 18 ქულით მე-15 ადგილზეა და 9 თებერვალს „რენს“ უმასპინძლებს.
ლილი – სენტ-ეტიენი 4:1
გოლები: 0:1 დავითაშვილი (6, პენ), 1:1 დევისი (32, პენ), 2:1 სახრაუი (63), 3:1 გუდმუნდსონი (72), 4:1 სახრაუი (78)
გაძევება: ბატუბინსიკა (48, სენტ-ეტიენი)