„დაველოდოთ პროცესებს“ – ვოლსკი საქართველოს 3+3 ფორმატში ჩართვაზე

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ამბობს, რომ ამჟამად არ ჩანს გარემოებები, რომლებიც გაამართლებს საქართველოს ჩართულობას 3+3 ფორმატში, თუმცა სამომავლოდ ამას არ გამორიცხავს.
„ის პროცესები, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს, განაპირობებს საქართველოს მომავალ პოზიციას“, – განუცხადა გია ვოლსკიმ პარლამენტში ჟურნალისტებს 20 თებერვალს 3+3 ფორმატში გაწევრებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საქართველოსთვის, – „ჩვენი მთავრობისთვის“ – მნიშვნელოვანია, რომ „არცერთ შემთხვევაში არ დაზიანდეს არც მისი პოლიტიკური იმიჯი თუ საგარეო კურსი, არ დაზიანდეს მისი ეკონომიკური ინტერესები“.
„აქედან გამომდინარე, სამომავლო პერსპექტივაში, შეიძლება, რაღაც გამოჩნდეს, თუმცა ამ ეტაპზე არაფერი იმდაგვარი არ ჩანს, რომ ამ ფორმატში გინდ პოლიტიკურად, გინდ ეკონომიკურად გამართლებული იყოს ჩვენი ჩართულობა. ასე რომ, დაველოდოთ პროცესებს“, – თქვა მან.
გუშინ, 19 თებერვალს, ს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კვლავ განაცხადა, რომ 3+3 ფორმატის კარი საქართველოსთვის ღიაა.
„თავიდანვე ყველა თანხმდებოდა, რომ გვაქვს „სამს პლუს სამი“ ფორმატი. გვესმის საქართველოს ეჭვები და პოზიციის ნიუანსები, მაგრამ საქართველოს წარმომადგენლებისთვის ადგილი ყოველთვის იქნება ამ ფორმატის შეხვედრების დარბაზში“, – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მსგავსი განცხადება გააკეთა 2025 წლის იანვარსა და 2024 წლის ოქტომბერშიც.
ამასთან, 2024 წლის 29 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „მოსკოვი მზად არის, აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს“.
მოგვიანებით, საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ „2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება“.
3+3 ფორმატი გულისხმობს თანამშრომლობას უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. ამასთან, რეგიონის ქვეყნების, რუსეთის, თურქეთის, ირანისა და აზერბაიჯანის ხედვით, იგი გულისხმობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას „გარე ძალების ჩარევის“ გარეშე – დასავლეთის, მათ შორის ევროკავშირის გარეშე.
სამხრეთ კავკასიაში „გარე აქტორების ჩაურევლობა“ არის ერთ-ერთი ქვაკუთხედი 3+3 ფორმატისა, რომელსაც, ოფიციალური პოზიციით, საქართველო, – რუსეთის მიერ მისი ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, – არ უერთდება.
ანალიტიკოსების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ბოლო პერიოდში, „ქართული ოცნების“ დასავლური სამყაროსგან მზარდი იზოლაციისა და ანტიდასავლური პოლიტიკური ვექტორის ფონზე, საქართველო ფორმატს შეუერთდეს.
ფორუმი