„ქართული ოცნების“ პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე „3+3 ფორმატში“ ჩართვა საქართველოსთვის არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად გამართლებული არ არის, თუმცა სამომავლო პერსპექტივაში ამ რეალობის შეცვლას არ გამორიცხავს.
გუშინ, 19 თებერვალს, სახელმწიფო დუმაში გამოსვლისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოსთვის „3+3” ფორმატში თავისუფალი სავარძელი დგას.
ვოლსკის თქმით, ამ ფორმატში მონაწილე ქვეყნებს თავად არ აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობები მოგვარებული.
„ის პროცესები, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს, განაპირობებს საქართველოს მომავალ პოზიციას. საქართველოსთვის, ჩვენი მთავრობისთვის, მნიშვნელოვანია, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დაზიანდეს… არ დაზიანდეს არც მისი პოლიტიკური იმიჯი თუ საგარეო კურსი, ეკონომიკური ინტერესები. სამომავლო პერსპექტივაში შეიძლება, რაღაც გამოჩნდეს, თუმცა ამ ეტაპზე არაფერი იმდაგვარი არ ჩანს, რომ ამ ფორმატში გინდ პოლიტიკურად, გინდ ეკონომიკურად გამართლებული იყოს ჩვენი ჩართულობა. ასე რომ, დაველოდოთ პროცესებს“, — განაცხადა ვოლსკიმ.
„3+3“ ბაქოსა და ანკარის ინიციატივით ჩამოყალიბებული ფორმატია და მოიაზრებს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) და მათ სამ დიდ მეზობელს (რუსეთი, თურქეთი, ირანი) შორის თანამშრომლობას. პირველი შეხვედრა ამ ფორმატში მოსკოვში, საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში შედგა, თუმცა მას საქართველო არ დაესწრო. ოფიციალური თბილისის პოზიციაა, რომ საქართველო ვერ ჩაერთვება იმ ფორმატში, სადაც რუსეთის ფედერაცია მონაწილეობს — მხარე, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს. მიუხედავად საქართველოს პოზიციისა, მოსკოვში შეხვედრისას ქართული დროშა მაინც გამოიყენეს, რაც ოფიციალურმა თბილისმა დაგმო.
მოსკოვმა არაერთხელ გაიმეორა, რომ მოლოდინი აქვს, საქართველო „3+3“ ფორმატის შეხვედრებს შეუერთდება.
