დავამტკიცე, რომ საუკეთესო ვარ! შონი კარგია, მაგრამ დღეს ჩვეულებრივ ბიჭად ვაქციე – მერაბ დვალიშვილი

ლას ვეგასში UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა (18-4) შონ ო’მალი (18-2) მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონით კატეგორიის ჩემპიონი გახდა.

ბრძოლის შემდეგ დვალიშვილმა ემოციური კომენტარი გააკეთა.

“ამ ოცნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი. შონი კარგია, მაგრამ დღეს ჩვეულებრივ ბიჭად ვაქციე. დავამტკიცე, რომ დღესდღეობით საუკეთესო ვარ. შედეგით გაკვირვებული საერთოდ არ ვარ. სპორტდარბაზში როგორც წონით დიდ, ასევე პატარა ბიჭებთან ვვარჯიშობ, თავისუფლად შემიძლია 15 რაუნდიან ბრძოლას გავუძლო”, – განაცხადა დვალიშვილმა.

5 რაუნდიანი ბრძოლა მერაბის უპირატესობით წარიმართა, პირველ რაუნდში მეტოქეს არაერთი დარტყმა მიაყენა, ქართველის დომინაცია მეორე რაუნდშიც გაგრძელდა. მესამე რაუნდში დვალიშვილმა მეტოქის პარტერში გადაყვანა ვერ მოახერხა, თუმცა მეოთხე და მეხუთე რაუნდში მერაბმა არანაირი კითხვის ნიშანი არ დატოვა.
“დღეს მე ვარ UFC-ის საუკეთესო მებრძოლი. მე მოვიგე ქამარი, 12 წელი ვმუშაობდი ამისთვის. ჩვენ ყველას გვაქვს მიზანი და მე მაქვს შესაძლებლობა, რომ UFC-ში ვიბრძოლო მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და რა თქმა უნდა, პატივს ვცემ ლეგენდებს. დანა უაითმა მიპოვა მე, დამინახა როგორც მებრძოლი და მომიყვანა აქ, შემომხედეთ ახლა UFC-ის ჩემპიონი ვარ და ჩემ ოცნებებს ვასრულებ და შთავაგონებ უამრავ ადამიანს ჩვენ ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში. მიყვარხართ ყველანი. ღმერთი დიდია, მეგობრებო მიჰყევით თქვენ ოცნებებს, ყველაფერი შესაძლებელია,” – თქვა ჩემპიონმა დვალიშვილმა, რომელმაც ორგანიზაციაში ზედიზედ მე-11 ბრძოლა მოიგო.
წყარო: sportal.ge
ცნობისთვის, UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება.
საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის საჭირო მასალებით: ოქრო, ვერცხლი და ტყავის სარტყელი. Sportskeeda-ს ინფორმაციით, ქამრის დამზადებისთვის დაახლოებით 2 ფუნტი ოქროა საჭირო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფანებისთვის შესაძლებელია UFC საჩემპიონო ქამრების ასლის შეძენა, რომელთა ფასები განსხვავებულია. UFC Collectibles-ის მონაცემებით, ასლის ფასი 299 დოლარიდან იწყება და ხელმოწერილის შემთხვევაში 3 999 დოლარსაც კი აღწევს.
შეგახსენებთ, დვალიშვილისთვის UFC-ში ეს გამარჯვება ზედიზედ მე-11 იყო. ამასთანავე, დვალიშვილმა შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 22 ბრძოლიდან 18 შემთხვევაში გამარჯვება მოიპოვა. ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა.
მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა. 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ