დავამტკიცეთ კლასგარეშე და ოჯახური ჩვენებებისთვის სამამულო ფილმების სია – რუსეთის განათლების მინისტრი

„შევასრულეთ თქვენი დავალება და პატრიოტული შინაარსის ნაწარმოებებით გავაფართოვეთ მოსწავლეებისთვის კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის სია, აგრეთვე დავამტკიცეთ კლასგარეშე და ოჯახური ჩვენებებისთვის სამამულო ფილმების სია“, – განუცხადა ს განათლების მინისტრმა სერგეი კრავცოვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 27 აგვისტოს კრემლში გამართულ თათბირზე, როცა ახალი სასწავლო წლისთვის მზადებაზე პუტინის მიერ დასმულ შეკითხვას პასუხობდა.
კრავცოვის თანახმად, 1 სექტემბრისთვის მზადებისას განსაკუთრებული ყურადღება მიუქცევიათ „საზღვრისპირა რეგიონებსა და რუსეთთან ახლადმიერთებულ რეგიონებში. პრიორიტეტული უსაფრთხოების ზომებია“-ო.
რაც შეეხება მოსწავლეების „აღზრდის სისტემის ფორმირებას“, რუსეთის განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს პრეზიდენტის დავალებით კეთდება და რომ საბავშვო ბაღიდანვე იწყება და რომ ბაღის ასაკის ბავშვებთან „ძალიან ფრთხილად“ მუშაობენ: „შევარჩიეთ 20 საპილოტე რეგიონი. ფსიქოლოგებთან, პედაგოგებთან ერთად ვამუშავებთ ყველა მიდგომას, რომ შემდეგ მთელ ქვეყანაზე გავავრცელოთ“.
ვლადიმირ პუტინის იმ დავალებაზე კი, რომელიც კლასგარეშე საკითხავი „პატრიოტული შინაარსის“ ნაწარმოებების სიის გაფართოებას ეხება, სერგეი კრავცოვმა განაცხადა:
„ლიტერატურის სიაში კერძოდ, შევიტანეთ ისეთი ნაწარმოებები სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე, როგორებიცაა: „ოლეგ როის „დონბასის ჩრდილები. დიდი ომის პატარა ამბები“, მიხაილ ფედოროვის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის გმირები. რუსული სიმამაცის სიმბოლოები“ და სხვა“.
ახალი სასწავლო წლიდან რუსეთში იწყება ისტორიის მასწავლებლების გადამზადებაც მსოფლიოსა და რუსეთის ისტორიის ახალი სახელმძღვანელოს შესაბამისად.
ფორუმი