დავალიანების ჩამოწერის შემდეგ, 30 000 სტუდენტიდან სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება მხოლოდ 15%-მა მიიღო | სტატისტიკა

სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების ჩამოწერის შემდეგ 30 000-მდე სტუდენტი უნდა დაბრუნებულიყო უმაღლეს სასწავლებელში, თუმცა ახალი პროგრამის ფარგლებში სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება სტუდენტების მხოლოდ 15%-მა მიიღო. ამის შესახებ სტატისტიკა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ გამოითხოვა.
“საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 ოქტომბრის №378 დადგენილებით დამტკიცებული “საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების წესის” მე-2 მუხლის საფუძველზე ფინანსური დავალიანება ჩამოეწერა 30 000 – მდე სტუდენტს. 2023 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით ფინანსური დავალიანების ჩამოწერის შემდგომ სტატუსი აღიდგინა 4000 – მდე სტუდენტმა. აქვე აღსანიშნავია, რომ ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სტუდენტი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად ჩამოეწერება ფინანსური დავალიანება, უფლებამოსილია, აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში. ამდენად, აღნიშნული პროცესი მიმდინარეა.”- ნათქვამია განათლების სამინისტროს პასუხში.