კაცი, რომელმაც გორის რაიონ სოფელ რეხაში ძაღლი დაჭრა, შსს-მ დააკავა.
როგორც ვეტერინარულ კლინიკაში ამბობენ, ცხოველს დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით აქვს მიყენებული, თუმცა ამ დროისთვის დაჭრილი ძაღლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“სოფელ რეხადან შემოიყვანეს ჩვენი ოთხფეხა მეგობარი, აქვს ცეცხლსასროლი გამჭოლი ჭრილობა კისრის არეში […] დიდი ალბათობით გადარჩება. სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობა არ არის ყოველ შემთვევაში”. – ამბობს ვეტერინარული კლინიკის თანამშრომელი ტვ მონიტორინგთან საუბრისას.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
