დავაინიციირეთ კანონპროექტი „ნაცმოძრაობის“ მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე – მდინარაძე

პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ პარლამენტში დააინიციირეს კანონპროექტი, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ „მემკვიდრე პარტიებს“ არაკონსტიტუციურად გამოაცხადებს. ამის შესახებ მან პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ჩვენ უკვე დავაინიციირეთ კანონის პროექტი, რომელიც ეხება ხსენებული პარტიების მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, თუ პარტიის საქმიანობის არსი და გადაწყვეტილების მიმღებთა პერსონალური შემადგენლობა თუ საწესდებო მიზნები კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის არსის პერსონალური შემადგენლობის თუ საწესდებო მიზნების იდენტური იქნება“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის თქმით, კანონპროექტის ხილვა პარლამენტის ვებსაიტზე ხვალ, 28 მარტს იქნება შესაძლებელი.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების, რომლებსაც ის კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ მოიხსენიებს, არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ მათ მიერვე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე:
„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არათუ თვითმმართველობის არჩევნებში, არამედ ამ ქვეყანაში ჩატარებულ ვერცერთ არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს – როგორც ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და დანაშაულებრივი პარტიები, ისინი არაკონსტიტუციურ პარტიებად გამოცხადდებიან და აეკრძალებათ საქმიანობა“.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისია შექმნის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებს:
„ამ ეტაპზეც კი მკაფიოდ იკვეთება, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება ამ პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების მყარი სამართლებრივი საფუძველი და საკონსტიტუციო სასამართლოც, დარწმუნებულები ვართ, გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არათუ თვითმმართველობის არჩევნებში, არამედ ამ ქვეყანაში ჩატარებულ ვერცერთ არჩევნებში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას. როგორც ანტიქართული, ანტიკონსტიტუციური, ანტიეროვნული და დანაშაულებრივი პარტიები, ისინი არაკონსტიტუციურ პარტიებად გამოცხადდებიან და აეკრძალებათ საქმიანობა!“
ამავე ბრიფინგზე მან თქვა, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში მათ მიერვე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატს აფართოებს – მათი საქმიანობა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის (2003-2012 წელი) პერიოდით.
კომისიის შესახებ
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შემსწავლელი კომისიის შექმნაზე „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 9 იანვარს ისაუბრა. „ქართული ოცნების“ მიერ 5 თებერვალს კომისიისთვის განსაზღვრული მანდატით, შესასწავლი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებში ყოფნის პერიოდი. უფრო ზუსტად:
· საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეები;
· ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევები;
· კორუფციასა და ბიზნესზე ზეწოლა, მედიასაშუალებების მისაკუთრება;
· 2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარება“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება“.
კომისია სამი თვის ვადით 5 თებერვალს შეიქმნა, რასაც მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 83-მა წარმომადგენელმა. კომისიაში სულ რვა წევრი მუშაობს:
· „ქართული ოცნებიდან“ (კომისიის თავმჯდომარე), თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, , პაატა სალია;
· ოპოზიციის კვოტა აითვისეს „ხალხის ძალისა“ (სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი) და „ევროპელი სოციალისტების“ (ილია ინჯია) წარმომადგენლებმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და პარტიისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, რისთვისაც პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა ჰქონდა განზრახული, რაც ვერ მოახერხა.