რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი რუსი და ამერიკელი პატიმრების გაცვლას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
ის ამბობს, რომ ტვეთა გაცვლით რუსეთი მოგებულია რადგან დაბრუნებული მოქალაქეები პატრიოტები არიან და მათში რუსეთმა მოღალატეები გაცვალა.
“მოდით (პატიმრების) გაცვლის “ხარისხობრივი შემადგენლობა” შევაფასოთ. ვინ დაიბრუნა ჩვენმა ქვეყანამ? ადამიანები, რომლებიც შრომობდნენ სამშობლოსთვის, იყვნენ სპეცსამსახურების შემადგენლობაში და ასე თუ ისე, რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდნენ. ეს იყო სარისკო საქმე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელით კეთდებოდა. […] დაბრუნებული მოქალაქეები ჩვენი სამშობლოს პატრიოტები არიან და ჯილდოებს იმსახურებენ. სანაცვლოდ ვინ გავათავისუფლეთ? რუსეთის მოქალაქეები, რომელთაც საკუთარი ქვეყნის განადგურება დაისახეს მიზნად. […]პირდაპირ ვიტყვი, ისინი მოღალატეები არიან,” – ამბობს მედვედევი.
ცნობისთვის, 1 აგვისტოს რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის მომხდარი დიდი გაცვლის ფარგლებში გერმანიამ რუსეთს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი, “ეფესბეს” აგენტი ვადიმ კრასიკოვი გადასცა.
პატიმრების გაცვლის ფარგლებში რუსეთის მიერ გათავისუფლებულებს შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა, რომელსაც რუსული არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების გავრცელებისთვის 6,5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი და ამერიკული გამოცემა WSJ-ის კორესპონდენტი ევან გერშკოვიჩი, რომელიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს და 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ასევე – რუსი ოპოზიციონერები ილია იაშინი და ვლადიმირ კარა-მურზა და უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი.
ბელორუსის საპატიმროდან გაათავისუფლეს გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი, რომელსაც „ტერორიზმის“ ბრალდებით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და შემდეგ ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ლუკაშენკამ შეიწყალა.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომელიც კიოლნის აეროპორტში დახვდა რუსეთის და ბელორუსის საპატიმროებიდან გათავისუფლებულ გერმანიის მოქალაქეებს, თვითმფრინავის დაშვებამდე პრესკონფერენცია გამართა. მისი ინფორმაციით, პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად რუსეთთან მოლაპარაკება რამდენიმე თვეს გაგრძელდა და ამ პროცესში ბერლინი მჭიდროდ თანამშრომლობდა ვაშინგტონთან.