დაემატება თუ არა სადაზღვევო რისკებს საგაზაფხულო წაყინვებიც

“ბევრი მოთხოვნა შემოდის საგაზაფხულო ყინვასთან დაკავშირებით, თუმცა ეს სისტემური რისკია,” – ასე პასუხობს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ნატალია ხარატიშვილი, ფერმერების ნაწილის მოთხოვნას, სახელმწიფო აგროდაზღვევა საგაზაფხილო წაყინვების რიკსაც აზღვევდეს.
ნატალია ხარატიშვილი გვიდასტურებს, რომ ფერმერთა ნაწილი ითხოვს, სადაზღვევო რისკებს საგაზაფხულო ყინვებიც დაემატოს, რადგან პრაქტიკაში ისინი ამ მხრივ ზარალის ანაზღაურებას საჭიროებენ, პროგრამა კი რისკს არ ანაზღაურებს. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის თქმით, პრობლემა ისაა, რომ პროდუქტის სიძვირის გამო სადაზღვევო ინდუსტრიის მხრიდან ინტერესი დაბალია.
მისივე განმარტებით, სადაზღვევო კომპანია თუ მზად არ იქნება კონკრეტული რისკის დაზღვევაზე იქ სახელმწიფოც ვერ შევა თანადაფინანსებით, თუმცა, ხარატიშვილის განმარტებით, არსებობს გარკვეული რისკები, რომლებიც მეტწილად სისტემურ ხასიათს ატარებს და არა მარტო საქართველოში, არამედ ისეთ ძლიერ ქვეყნებში, სადაც უფრო მეტად ძლიერია სოფლის მეურნეობის ნაწილში აგროდაზღვევა, იქაც კი ვერ ახდენს სახელმწიფო თანადაფინანსებას, იმიტომ რომ ზიანის გადახდას ახდენენ სადაზღვევო კომპანიები. როგორც სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ამბობს, აგროდაზღვევის კუთხით, მზაობა სადაზღვევო კომპანიების მხრიდან ნაკლებია.
“ბევრი მოთხოვნა შემოდის საგაზაფხულო ყინვასთან დაკავშირებით, თუმცა ეს სისტემური რისკია. როცა საგაზაფხულო ყინვა ხდება ეხება მთელ რეგიონს, ყველა კულტურას, ამ შემთხვევაში რისკი უდგება ძალიან დიდი სადაზღვევო ინდუსტრიას, რომლის დაფარვის შესაძლებლობა მათ უნდა ჰქონდეთ. თუ არ ექნებათ ეს შესაძლებლობა, გამოვა, რომ ბენეფიციარებსაც შეცდომაში შევიყვანთ,” – ამბობს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი და იმასაც დასძენს, რომ სწორედ აქედან გამომდინარეა, სახელმწიფო პროგრამაში ეს რისკი გათვალისწინებული რომ არ არის.