თბილისში, დადიანი ქუჩაზე 3-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის იატაკი ჩაინგრა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან 2 პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს.
როგორც კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები, მადონა სანიკიძე აღნიშნავს, რამდენიმე დღეა კორპუსის პირველ სართულზე, აფთიაქში რემონტი დაიწყო და შესაძლოა შემთხვევის მიზეზი, საყრდენი კედლის ჩამონგრევა იყოს. მისივე თქმით, მოსახლეებს ესაუბრნენ მერიის წარმომადგენლები და სანამ ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს, შეჰპირდნენ, რომ საცხოვრებელს გამოუყოფდნენ.
“რამდენიმე დღეა, აფთიაქმა რემონტი დაიწყო. როგორც ჩანს, მუშამ არ იცოდა, რომ საყრდენი კედელი არ უნდა დაენგრია და გამოიწვია სახლის ნგრევა. აქ მცხოვრებლები უკვე ქუჩაში ვართ. როგორც ვატყობ, ეს უცოდინარობის ბრალია. ეს ადრე იყო დევნილთა კორპუსი, რამდენიმე ფართია, არასტანდარტული პატარა ფართებია, მაგრამ ხალხი ცხოვრობს. აფთიაქის პირდაპირ რაც არის ყველაფერი ჩაინგრა.ნახევარი მერია აქ იყო და ვესაუბრეთ. ახლა ველოდებით მათ პასუხს”, – განაცხადა მადონა სანიკიძემ.
