ბრიტანული მაუწყებლის, BBC-ს რუსული სამსახური და დამოუკიდებელი გამოცემა, რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად” გამოცხადებული „მედიაზონა“ მოხალისეთა ჯგუფებთან ერთად განაგრძობენ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთის მხრიდან დაღუპულთა ვინაობის დადგენას.
დღეს, 25 ივლისს გამოქვეყნებული განახლებული მონაცემებით, მოკლულთა რიცხვი 120 343-ია. ორი კვირით ადრე, 11 ივლისს გამოქვეყნებული კვლევით, ეს რიცხვი 118 139 იყო.
საუბარია მათზე, ვისი სახელები და გვარები ჟურნალისტებმა და მოხალისეებმა დაადგინეს საჯარო წყაროებით გავრცელებული ცნობებისა და სამხედროთა საფლავების კვლევის საფუძველზე.
დაღუპულთა 53%-ს ომის დაწყებამდე არანაირი კავშირი არ ჰქონდა რუსეთის არმიასთან და ეროვნულ გვარდიასთან. მათ შორის არიან მოხალისეები, მობილიზებულები და ფრონტზე კოლონიებიდან გაგზავნილი პატიმრები.
დაღუპულთა საშუალო ასაკი 39 წელია. რუსეთის რეგიონებიდან ყველაზე მეტი დაღუპული ბაშკირეთზე მოდის.
უკრაინასთან ომში რუსეთის რეალური დანაკარგები გაცილებით მეტია. როგორც BBC-ს რუსული სამსახური წერს, სამხედრო საკითხთა სპეციალისტების შეფასებით, საჯარო წყაროებით დადგენილი მონაცემები დაღუპულთა რეალური რაოდენობის 45%-დან 65%-მდეა.
რუსეთი თავის დანაკარგებს ოფიციალურად არ ასაჯაროებს. ამას იშვიათად აკეთებს უკრაინა.
2025 წლის თებერვალში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში დაიღუპა 45 100 და დაიჭრა დაახლოებით 390 000 უკრაინელი მებრძოლი, რაც თითქმის რვაჯერ ნაკლებია რუსეთის არმიის დანაკარგზე.
ფორუმი
