უკრაინის ომში რუსეთის დაღუპული სამხედროების დადასტურებული რაოდენობა გაუტოლდა 145 258-ს ადამიანს. ეს რიცხვი მოტანილია განახლებულ ანგარიშში, რომელსაც ღია წყაროებზე დაყრდნობით ავსებენ “მედიაზონა” და ბიბისის რუსულენოვანი სამსახური, მოხალისეთა გუნდთან ერთად.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის ხუთი ათასით გაიზარდა, რაც ზრდის ჩვეულებრივ მაჩვენებელს ორჯერ აჭარბებს, ნათქვამია ანგარიშში.
დაღუპულთა ყველაზე დიდი წილი მოდის ბაშკირეთზე (7253 ადამიანი) და თათრეთზე (6441 ადამიანი). მოსკოვში დადასტურდა 1688 დაღუპული, სანკტ-პეტერბურგში – 1314.
დაღუპულებს შორის ყველაზე მეტი მოდის 33-დან 38 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე – 28 ათასამდე ადამიანი. ახალგაზრდა, 18-20 წლის სამხედროებს შორის დადასტურდა თითქმის სამნახევარი ათასი დაღუპული.
დაღუპულებს შორის 43 789 იყო მოხალისე, 18 876 — მსჯავრდადებული, 15 767 — გაწვეული. 39 ათასი პირის სტატუსი დაზუსტებული არ არის.
მანამდე ბრიტანეთის დაზვერვა რუსეთის მთლიან დანაკარგს – დაღუპულებს და დაჭრილებს – მილიონ ადამიანამდე აფასებდა, მათ შორის შესაძლოა 250 ათასი დაღუპული იყოს. მსგავსი მონაცემები მოაქვთ The Economist-ს და სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრს (CSIS).
ფორუმი




