დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებას პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს და დოკუმენტი პარლამენტს დაუბრუნა. მართალია, სალომე ზურაბიშვილს არ გამოუყენებია ვეტოს დისკრეციული უფლება და პარლამენტისთვის მოტივირებული შენიშვნები არ წარუდგენია, მაგრამ განმარტება გააკეთა მისმა საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ.
მსხილაძის თქმით, “ქართული ოცნების” მიერ მიღებული ცვლილება მმართველ პარტიას საშუალებას მისცემს თანხა, რომელსაც საპენსიო სააგენტო მოქალაქეთა შემოსავლებიდან იღებს, მისი ინტერესები შესაბამისად მართოს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, სააგენტო ინვესტიციებს არა მთავრობის, არამედ მოქალაქეთა საუკეთესო ინტერესების შესაბამისად უნდა ახორციელებდეს. შესაბამისად, პრეზიდენტი არ ეთანხმება ცვლილებებს, რომელიც მთავრობას საშუალებას მისცემს საპენსიო სააგენტოს საქმიანობაში ჩარევის მეტი ბერკეტი ჰქონდეს.
“განხორციელებული ცვლილებებით, საპენსიო ფონდის მმართველი საბჭოს წევრებს დანიშნავს პრემიერ-მინისტრი. მაშინ, როცა ადრე მოქმედი მოდელით, ფონდი საინვესტიციო საბჭოს წევრებს ირჩევდა პარლამენტი. მიუღებელი და დაუშვებელია ამ პროცესის პარლამენტიდან გატანა და პრემიერ-მინისტრის ხელში ძალაუფლების ამგვარი კონცენტრაცია. აღნიშნული ცვლილება აჩენს რისკს საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარი კადრებით, ეს კი შესაძლებელს გახდის ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით სხვადასხვა სამთავრობო, ნაკლებად მომგებიან პროექტებში და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს. პენსიის რეფორმა საქართველოში ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმად ითვლებოდა, რის გამოც, გაუმართლებელია ასეთი ცვლილებების მიღება, რომელიც რეპუტაციულად აზიანებს ამ რეფორმას, არღვევს მის მიმართ მოსახლეობის ნდობას. მყარი საპენსიო სისტემა და მისი სანდოობა პირდაპირ დაკავშირებულია მოქალაქეთა კეთილდღეობასთან. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს მილიონ-ნახევარზე მეტი საქართველოს მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით”, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
“დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონში ცვლილებები პარლამენტში მიმდინარე წლის მაისში დააინიციირა. მისი ავტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოა. 27 ივლისს პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. მას მხარი საპარლამენტო უმრავლესობის 75-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ცვლილების მხედვით, იცვლება საპენსიო სააგენტოს მართვის სტრუქტურა. კონკრეტულად, საპენსიო სააგენტოში საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების ნაცვლად გაჩნდება ერთი მმართველობითი ორგანო – “მმართველობითი საბჭო”, რომელიც განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვას და შეასრულებს როგორც საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ/საოპერაციო და სხვა ფუნქციებს. მმართველობითი საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეარჩევს სპეციალური კომისია და დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს. მთავრობის მეთაურის მიერ დანიშნული წევრების უფლებამოსილების ვადა 5 წლითაა განსაზღვრული.
რადგან პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა, ახლა ის პარლამენტში დაბრუნდება. იმისათვის, რომ კანონი ამოქმედდეს, მას ხელი თავმჯდომარემ უნდა მოაწეროს. ამისთვის მას 5 დღე აქვს.
ცვლილების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით შემდეგ ბმულზე:
· საპენსიო სააგენტოს მართვის სტრუქტურა იცვლება – მთავრობამ კანონპროექტი დააინიცირა

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც