საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რაზე ესაუბრებოდა ემანუელ მაკრონი ბიძინა ივანიშვილს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ასევე პოლიციის ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ. მან მოუწოდა ყველა დაკავებულის გათავისუფლებისკენ და მოუწოდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ. მან კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება იმის გამო, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპულ ტრაექტორიას და გაიმეორა მისი რწმენა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე აუცილებლად იმოქმედებს ის მიმართულებები, რომლებიც იყო ან იქნება მიღებული. მან მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემით, ქართველი ხალხის მისწრაფებებს კიდევ ერთხელ მიესალმა, – წერია მაკრონის ადმინისტრაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მაკრონსა და ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “ქართულმა ოცნებამ” გაავრცელა. “ქართული ოცნების” ინფორმაციით, მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა.