“დაგვიტოვეთ ღირსეული დირექტორი” – 123-ე სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლების აქცია

განათლების სამინისტროსთან 123-ე სკოლის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები აქციას მართავენ.
ისინი აღნიშნავენ, რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ლოსაბერიძე სკოლის დირექტორთა შესარჩევ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა და ამ გადაწყვეტილებას მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებენ.
სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეების მშობლები ამბობენ, რომ კონკურსში შერჩევა პოლიტიკური ნიშნით მიმდინარეობს, 123-ე სკოლის დირექტორი კი ხელისუფლების პოლიტიკურ გემოვნებას ვერ აკმაყოფილებს.
“თამარი იბრძვის ევროპული ღირებულებებისთვის. ერთ-ერთი მწერლის სიტყვებს ვიტყვი “ზოგადად, ადამიანს მისჯილი აქვს თავისუფლება და ის ვალდებულია, თავისუფალი იყოს”. ჩვენ ვერავინ დაგვიშლის ვერც აზრის გამოხატვას და ვერც თავისუფლებისთვის ბრძოლას”- ამბობს 123-ე სკოლის მასწავლებელი, ირმა მაისურაძე.
123-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის, თამუნა ლოსაბერიძემ გუშინ Facebook-ზე თავად დაწერა, რომ დირექტორის შესარჩევ კონკურსში უკვე მეორედ არ წარადგინეს.
“თავს ვალდებულად ვთვლი გაცნობოთ, რომ მონაწილეობას ვიღებდი სსიპ ქალაქ თბილისის N123 საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში, თუმცა უკვე მეორედ არ წარმადგინეს! მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის” – წერს ლოსაბერიძე.