ქართულ კრიპტოსივრცეში მოქმედი აპლიკაცია BITNET-ის მნიშვნელოვანი განახლება იგეგმება. ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” პლატფორმის თანადამფუძნებელმა გიორგი თუშურაშვილმა ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, წლის განმავლობაში მომხმარებლის კვლევებისა და გამოკითხვების საფუძველზე იქმნება ახალი აპლიკაცია, რომლის მომხმარებელთა რაოდენობაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში 10 000-დან 120 000-მდე გაიზარდა.
„ვქმნით ახალ ვერსიას, რომელიც ამ აპლიკაციას კიდევ უფრო მარტივს გახდის. ჩვენი უპირველესი ამოცანა არის ის, რომ ტოპ-აპლიკაცია გვქონდეს, ვინაიდან დღეს ყველანი ვცხოვრობთ აპლიკაციებით. ამასთან, ჩვენი მიზანია, კრიპტო ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, ვინაიდან გვჯერა, რომ კრიპტო მომავალია და მასში ინვესტირება ყველამ უნდა გააკეთოს. კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ ვცდილობთ ვასწავლოთ მომხმარებელს, რა არის კრიპტო. ამისთვის გვაქვს პოდკასტი, ბლოგი, კრიპტონიუსები და ა.შ. ამ ბევრმა პატარა ნაბიჯმა განაპირობა ის, რომ საქართველოში გავხდით ერთ-ერთი ტოპ-კრიპტოგაცვლის პლატფორმა“, – განაცხადა გიორგი თუშურაშვილმა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას.
მისივე თქმით, BITNET-ი არ არის ვაჭრობის პლატფორმა, ეს არის საინვესტიციო პლატფორმა კრიტოვალუტისთვის. „ჩვენ გვინდა მომხმარებლებს გავაგებინოთ, რომ ძალიან მარტივად, ისევე როგორც ონლაინ ბანკს იყენებს, ასევე შეუძლია გამოიყენოს BITNET-ის აპლიკაცია, იყიდოს ბიტკოინი და დაიწყოს ინვესტირება კრიპტოსამყაროში“, – აღნიშნა მან.
გარდა ამისა, როგორც BITNET-ის თანადამფუძნებელმა განაცხადა, პლატფორმა მომხმარებელს ტოკენიზებულ აქციებსაც სთავაზობს, რომელიც მსოფლიო ბაზარზეც ახალია.
„ტოკენიზებული აქცია ნიშნავს იმას, რომ მე პირდაპირ აქციას კი არა, არამედ ბლოქჩეინზე არსებული აქციის ეკვივალენტს ვყიდულობ. ეს ბევრი რაღაცის საშუალებას მაძლევს, რასაც ვერ ვიყენებ მაგალითად, თუ ვიყიდე აქცია ბანკში ან სხვა პლატფორმაზე. მე შემიძლია ეს აქცია ვივაჭრო 24-საათიან რეჟიმში და არ ვარ დამოკიდებული იმაზე მაგალითად, ნიუ-იორკში ბირჟა გახსნილია, თუ არა. ასევე შემიძლია ეს აქცია გავიტანო, თუ მინდა, რომ ეს ტოკენი დეცენტრალიზებულ ფინანსებში რაღაც კუთხით გამოვიყენო, ამის შესაძლებლობაც მაქვს, რასაც ტრადიციული აქციებით ვერ გავაკეთებ. ამ ეტაპზე გვაქვს ოთხი ტოკენზირებული აქცია: META, NVDIA, APPLE და Robinhood. მუდმივად ვამატებთ ახალ აქციებსაც“, – აღნიშნა მან.
