ყარაბაღელი სომხების ნაწილი მიუღებლად და უსამართლოდ აფასებს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული სომხების დაბრუნება არარეალისტურია, ხოლო ამ თემის გაგრძელება „ყარაბაღის მოძრაობის“ ხელახლა დაწყებას ნიშნავს.
2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანმა ყარაბაღში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, რის შემდეგაც მოხდა არმიის განიარაღება და 2024 წლის 1 იანვარს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. სომხეთში 100 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი გადავიდა.
ფაშინიანმა ამ საკითხზე განცხადება 11 დეკემბერს გააკეთა. მისი თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა შეიმუშაონ ერთობლივი „საგზაო რუკა“, რომელიც ორივე თემის – ყარაბაღელი სომხების დაბრუნებისა და „დასავლეთ აზერბაიჯანის“ საკითხის პარალელურად დახურვას მოიცავს.
„თუ დავუბრუნდებით დაბრუნების დღის წესრიგს, ეს ნიშნავს, რომ თავიდან ვიწყებთ ყარაბაღის მოძრაობას. მე კი არაერთხელ მითქვამს, რომ ეს მოძრაობა დასრულებულია და მისი აღდგენა სასარგებლო არ არის“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, 10 დეკემბერს, ერევანში მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლობაში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც სამართალდამცველებმა კომპიუტერები ამოიღეს. არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლები ამ ქმედებებს პარლამენტში გამართულ მოსმენებს უკავშირებენ.
„დაბრუნების უფლება ფუნდამენტურია“
ფაშინიანის განცხადებას მკაცრად გამოეხმაურა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „არცახის კავშირის“ საბჭო, რომელიც აერთიანებს 60-ზე მეტ წარმომადგენელს ყარაბაღიდან და სომხეთიდან.
ორგანიზაციის შეფასებით, პრემიერის პოზიცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს:
„დაბრუნების უფლება ფუნდამენტურია და გამყარებულია საერთაშორისო სამართლის ნორმებით, გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებითა და სხვა ავტორიტეტული დოკუმენტებით. დაბრუნების „არარეალისტურად“ გამოცხადება მცდარია. სწორედ სახელმწიფოს პოზიცია განსაზღვრავს საერთაშორისო რეაქციის ქმედებათა ჩარჩოს. როცა სახელმწიფო თავად უარს ამბობს საკუთარი მოქალაქეების დაცვაზე, ის ასუსტებს საერთაშორისო მხარდაჭერას“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათი თქმით, დაძაბულობის წყარო არა ყარაბაღელი სომხების დაბრუნების სურვილია, არამედ აზერბაიჯანის „აგრესიული და გენოციდური პოლიტიკა“. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ დაბრუნება უნდა დარჩეს ნებისმიერი მოლაპარაკების ერთ-ერთ მთავარ პუნქტად.
მთიანი ყარაბაღის ყოფილმა ომბუდსმენმა არტაკ ბეგლარიანმა განაცხადა, რომ დაბრუნების საკითხზე გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ ყარაბაღელ ხალხს აქვს.
„პრემიერ-მინისტრს შეუძლია მხოლოდ თავისი მთავრობის პოზიციის გამოხატვა. ის პოზიცია კი, რომელსაც დღეს სომხეთის ხელისუფლება აყალიბებს, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ფაქტობრივად, ფაშინიანმა ხალხის უფლებები ვაჭრობის საგნად აქცია“, – თქვა ბეგლარიანმა “კავკაზსკი უზელთან”.
გამოცემის ცნობითვე, ყარაბაღელი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი კარენ ავანესიანი აცხადებს, რომ უფლებები საბოლოოდ აღდგება, თუ ბრძოლა გაგრძელდება:
„ისტორია აჩვენებს, რომ ხალხის უფლებები მაშინ აღდგება, როცა ისინი საკუთარ სიმართლეს არ თმობენ, ყველაზე მძიმე პირობებშიც კი“, – ამბობს ის.
მისი თქმით, სომხეთის ხელისუფლება პრაქტიკულად ჩამოშორდა ვალდებულებას, დაიცვას ყარაბაღელი სომხების უფლებები, რაც ათიათასობით ლტოლვილს ღირსეული ცხოვრების გარანტიების გარეშე ტოვებს.
ყარაბაღის ხალხის უფლებათა საბჭოს წარმომადგენელი ნარინე სარგსიანი აცხადებს, რომ პრემიერის განცხადება პასუხისმგებლობაზე უარის თქმის მორიგ ნაბიჯს ჰგავს.
„ეს ფაქტობრივად ყარაბაღელი ხალხის კიდევ ერთხელ მსხვერპლად შეწირვაა და აზერბაიჯანის ქმედებების ირიბი ლეგიტიმაცია“, – ამბობს ის.
მისივე თქმით, ყარაბაღის კონფლიქტის გვერდი ვერ ჩაიხურება, თუ არ იქნება გათვალისწინებული ხალხის დაბრუნებისა და თვითგამორკვევის უფლება.




