წლის პირველ 7 თვის განმავლობაში არმატურის იმპორტზე დაწესებული გადასახადის მიუხედავად, საქართველოში ნახშირბადიანი ფოლადის წნელების, იგივე არმატურის შემოტანა გაიზარდა.
ზესტაფონში, “ჯორჯია მეტალის” არმატურის $80-მილიონიანი ქარხანა ოფიციალურად გაიხსნა. ხელმძღვანელები არმატურის იმპორტის ჩანაცვლებას გეგმავენ
საქსტატის 7 თვის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 91 მილიონ 285 ათასი დოლარის ღირებულების 162 766 ტონა არმატურა შემოვიდა, მაშინ როდესაც გასული წლის ამავე პერიოდში იმპორტის ღირებულება $86.3 მლნ, მოცულობა კი 150 ათას ტონამდე იყო. ანუ დაბეგვრის რეჟიმში იმპორტი მაინც გაიზარდა, თუმცა მცირედით – 5.7%-ით.
არმატურის მთავარი მომწოდებელი წელს თურქეთია, მაშინ როდესაც გასულ წელს საიმპორტო გადასახადის დაწესებამდე საიმპორტო ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილს ირანი იკავებდა. უნდა აღინიშნოს, რომ წელს არმატურის იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში თურქეთის დაწინაურება ამ ქვეყნიდან გადმოზიდვების გააქტიურებამ და ამავე დროს რუსეთიდან და ირანიდან იმპორტის შემცირებამ განაპირობა.
საქართველოში ეს საქონელი ძირითადად 5 ქვეყნიდან შემოდის. საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:
· თურქეთი – $59.3 მლნ, 101 350 ტონა;
· რუსეთი – $19.2 მლნ, 37 580 ტონა;
· ირანი – $10.4 მლნ, 19 832 ტონა;
· აზერბაიჯანი – $2.2 მლნ, 4 002 ტონა;
· ავსტრია – $3.5 ათასი, 1 ტონა.
რაც შეეხება ექსპორტს, არმატურის გაყიდვების მაჩვენებლები წლების განმავლობაში მინიმალური იყო, წელს კი 7 თვის მონაცემებით, კიდევ უფრო შემცირებულია. იანვარ-ივლისში საქართველოდან მხოლოდ 72 ათასი დოლარის ღირებულების 92 ტონა არმატურა სომხეთში გაიყიდა.
გასულ წელს კი 2 მილიონ 533 ათასი დოლარის ღირებულების 4 186 ტონა ძირითადად სომხეთში, მცირე მოცულობა კი აზერბაიჯანში გავიდა ექსპორტზე.
ცნობისთვის, წელს ფინანსთა სამინისტრომ არმატურის იმპორტზე გადასახადი დააწესა. ერთი ტონის იმპორტზე მოსაკრებელი 420 ლარით განისაზღვრება. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, გადასახადი 25 იანვრიდან 1 სექტემბრამდე მოქმედებდა.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება 2024 წელს არმატურის იმპორტის მკვეთრ ზრდას მოჰყვა. გასული წლის 11 თვეში იმპორტი 67%-ით, 351,671 ტონამდე გაიზარდა, ხოლო იმპორტის მოცულობა $200 მილიონი იყო. სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს არმატურის ნახევარი რუსეთიდან შემოვიდა, ირანიდან იმპორტი კი $80 მილიონს შეადგენდა.
კონკურენციის სააგენტო 2024 წლიდან არმატურის ბაზარზე სავარაუდო დემპინგის არსებობის საკითხს სწავლობს. ორგანიზაციას მოკვლევისთვის ერთწლიანი ვადა აქვს, თუმცა, სავარაუდოდ, საქართველოს მთავრობამ ამ ვადის დასრულებამდე გადაწყვიტა ზომების მიღება და იმპორტული არმატურისთვის საგადასახადო ბარიერი დააწესა, რაც სავარაუდოდ, ადგილობრივი წარმოების დაცვისკენ არის მიმართული.
tia.ge
