დაბა ასპინძის მოსახლეობის 24 – საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს – წყალმომარაგების კომპანია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით დაბა ასპინძის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციისთვის საპროექტო სამუშაოები დასრულდა – ინფორმაცია წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
„წყლის სისტემის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარე პროცესს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
პროექტით გათვალისწინებულია წყლის სათავე ნაგებობებისა და რეზერვუარების რეაბილიტაცია. სრულად იცვლება შიდა ქსელი – 51 259 მეტრი, მაგისტრალური
მილი – 8920 მეტრი. შიდა და გარე წყალმომარაგების სისტემა მოეწყობა 6 მრავალბინიან კორპუსში, დამონტაჟდება 177 ახალი აღრიცხვის კვანძი. 6 ორსართულიანი კორპუსისთვის გათვალისწინებულია ინდივიდუალური წყალმზომების მოწყობა – ჯამში 48 კომპლექტი არსებულ ქსელებზე გადაერთებით. ქსელის გამართული ფუნქციონირებისთვის სამი კომპლექტი ბუსტერული ტიპის სადგური მოეწყობა.
დღეის მდგომარეობით აქტიურად მიმდინარეობს რეზერვუარების რეაბილიტაცია, უკვე მოეწყო წყალმომარაგების ქსელი 25000 მეტრი, მაგისტრალური მილი 2700 მეტრი. სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ღირებულება 29 მილიონ ლარზე მეტია.
სამუშაოების დასრულება 2026 წელს არის დაგეგმილი, რის შემდეგაც დაბა ასპინძის მოსახლეობა განახლებული ინფრასტრუქტურითა და 24 – საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.