ბოლო 10 წელში, საქართველოში საერთო ინფლაციის მაჩვენებელმა 54.6% შეადგინა, თუმცა ცალკეული პროდუქტების ჭრილში თუ განვიხილავთ, ზოგიერთ შემთხვევაში, ფასები 3-ჯერაც კი გაიზარდა.
შედეგად, წლიდან წლამდე ცხოვრება ძვირდება, შემოსავლების ზრდის ტემპი ვერ ეწევა, რაც ადამიანების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ნეგატიურად ისახება.
მეტი სიცხადისთვის, „ბიზნესპრესნიუსმა“ ეკონომიკის დოქტორთან, ირაკლი მაკალათიასთან ერთად, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების ფასები განიხილა.
ბოლო 10 წელში, საქართველოში საერთო ინფლაციის მაჩვენებელმა 54.6% შეადგინა, თუმცა ცალკეული პროდუქტების ჭრილში თუ განვიხილავთ, ზოგიერთ შემთხვევაში, ფასები 3-ჯერაც კი გაიზარდა.
შედეგად, წლიდან წლამდე ცხოვრება ძვირდება, შემოსავლების ზრდის ტემპი ვერ ეწევა, რაც ადამიანების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ნეგატიურად ისახება.
მეტი სიცხადისთვის, „ბიზნესპრესნიუსმა“ ეკონომიკის დოქტორთან, ირაკლი მაკალათიასთან ერთად, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების ფასები განიხილა.
როგორც „საქსტატის“ მონაცემების გაანალიზებით გამოიკვეთა, ბოლო 10 წელში, მაგალითად, პური 83%-ით, ხორცი 99%-ით, მწვანილი კი 121%-ით არის გაძვირებული. უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ, რამდენიმე ძირითადი სასურსათო პროდუქტის მონაცემებს, თუ როგორ შეიცვალა მათი ფასი ბოლო 10-წლიან პერიოდში:
· ხორბლის პური – 82.82%-ით გაძვირდა;
· ბრინჯი – 92,02%-ით გაძვირდა;
· მაკარონი და მაკარონის ნაწარმი – 64,63%-ით გაძვირდა;
· ძროხის ხორცი – 98.91%-ით გაძვირდა;
· ღორის ხორცი – 42,52%-ით გაძვირდა;
· ქარხნული რძე – 69,44%-ით გაძვირდა;
· იმერული ყველი – 133.75%-ით გაძვირდა;
· სულგუნი – 119,53%-ით გაძვირდა;
· კვერცხი – 91,10%-ით გაძვირდა;
· მზესუმზირის ზეთი – 67.40%-ით გაძვირდა;
· მწვანილი 121,39%-ით გაძვირდა;
· კიტრი – 158,02%-ით გაძვირდა;
· კარტოფილი – 117%-ით გაძვირდა;
· შაქარი – 54,36%-ით გაძვირდა.
„ახლა თუ გვაქვს 4.6%-იანი წლიური ინფლაცია, ბოლო 5 წელში ეს მაჩვენებელია 18.9%-ა, ხოლო 10 წლიან ჭრილში – 54.6%. თუმცა, ინდივიდუალურ ჯგუფს და ინდექსებს თუ ჩავყვებით, კიდევ უფრო მაღალია. მაგალითად ასე, სურსათში, სადაც ახლა 10%-იანი ინფლაცია გვაქვს, ბოლო 5 წელში ეს მაჩვენებელი 30%-ს შეადგენს“,- აღნიშნავს ირაკლი მაკალათია.
როგორც ეკონომიკის დოქტორი ამბობს, თუ განვითარებულ ქვეყნებში სურსათზე საერთო ხარჯის მხოლოდ11%-მდე მოდის, საქართველოს პირობებში, აღნიშნული მაჩვენებელი 30%-ს აჭარბებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობა დაბალშემოსავლიანია.
„ინფლაციის პარალელურად, მართალია, რეალური შემოსავალიც იზრდება (ნომინალური უფრო მეტად), მაგრამ ბევრად უფრო ნაკლები პროცენტული ზრდა აქვს და ნელი ტემპი. აქ ჩვენ ვსაუბრობთ 305 დასახელების პროდუქტის ფასების საერთო ზრდაზე, შესაბამისად, რაც უფრო დაბალშემოსავლიანია ადამიანი, მისი სამომხმარებლო კალათაც უფრო შეზღუდულია და მხოლოდ პირველადი მოხმარების პროდუქტებით შემოიფარგლება. ამ კუთხით, ყველაზე მოთხოვნადია სურსათის და ჯანდაცვის ჯგუფი, ამიტომ აქ უფრო მაღალი ინფლაცია გვაქვს ხოლმე.
ადამიანების განცდა, რომ მათი შემოსავალი და კეთილდღეობა ვერ ეწევა ინფლაციას, ლოგიკურია. ჩვენთან პრობლემა კიდევ ის არის, რომ მთლიან სამომხმარებლო ხარჯებში სურსათის წილი არის 30%-ზე მეტი, ეს მაშინ, როდესაც განვითარებულ ქვეყნებში 10-11%-ის ფარგლებშია. ეს ნიშნავს იმას, რომ დაბალშემოსავლიანები ვართ. რაც უფრო დაბალშემოსავლიანია ადამიანი, წილობრივად უფრო მეტს ხარჯავს სურსათზე, ხოლო რაც უფრო განვითარებულია ეკონომიკა და მეტი შემოსავალი აქვს მოსახლეობას, სურსათის ხარჯის წილი მცირდება და უკვე სხვა მიმართულებითაც მეტს ხარჯავს, მაგალითად, გართობაზე, დასვენებაზე და ა.შ. ჩვენი მაჩვენებლები, ცხოვრების დაბალ დონეზე მიუთითებს, ცალსახად“,- ამბობს ეკონომიკის დოქტორი.
კითხვაზე, პროდუქტის ფასების ზრდის ტემპს, რატომ ვერ ეწევა შემოსავლები, ირაკლი მაკალათია 2 მთავარ ფაქტორს გამოყოფს. მისი თქმით, მცირე წარმოების პირობებში, ქვეყანა იმპორტდამოკიდებულია და მეორე, ქვეყანაში ფულის მასა იზრდება ეკონომიკაზე მეტად.
„აქ არის 2 ძირითადი პრობლემა, პირველი – მცირე ეკონომიკა გვაქვს, წარმოება მცირეა, ბაზარს ვერ ვაწვდით, შესაბამისად, იმპორტდამოკიდებული ვართ. ეს იწვევს გაძვირებას. მეორე – ფულის მასა იზრდება იმაზე მეტად, ვიდრე ეს ეკონომიკას სჭირდება (ცხადია, ფულის მასაზე მთლიანი პასუხისმგებლობა აქვს ეროვნულ ბანკს, მთავრობის თანხმობით). დანარჩენი უკვე დამხმარე ფაქტორებია, მაგალითად ის, რომ საერთაშორისო ბაზარზე გაძვირდა ნავთობი, რამაც გააძვირა პროდუქტი, ან ადგილობრივი იმპორტიორები მარაგებს ავსებენ და ა.შ. ეს ყველაფერი მხოლოდ შემდგომი თანმდევი ჯაჭვური პროცესებია“,- აღნიშნავს ირაკლი მაკალათია.
Bpn.ge
