„დაბალი ფასის გამო, მომხმარებელს ურჩევნია უხარისხო კარტოფილი იყიდოს, ხარისხიან პროდუქტზე მოთხოვნა შემცირებულია“ – ფერმერი

„ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მომხმარებელს ურჩევნია უხარისხო კარტოფილი იყიდოს დაბალ ფასად, ვიდრე ხარისხიანი შესაბამისი ფასით“,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ფერმერმა ილია ყავრელიშვილმა განაცხადა, რომელიც ახალქალაქში კარტოფილს აწარმოებს.
მისი თქმით, კარტოფილის გასაყიდი ფასი ბოლო რამდენიმე წელია ძალიან არასტაბილურია, რაც წარმოების პრობლემებს ქმნის.
„ჰექტარზე მოსავალი საშუალოდ 65 ტონაა. 500 ტონაზე ნაკლები არასდროს მაქვს მოსავალი და რეალიზაციის პრობლემა არ მქონია. უბრალოდ, ფასით ხშირ შემთხვევაში უკმაყოფილო ვარ ხოლმე. ბოლო სამი წლის განმავლობაში, სარეალიზაციო ფასი არასტაბილურია. 2022 წელს კილოგრამის ფასი 1.6 ლარი იყო, 2023 წელს იყო 70-80 თეთრი და წელს კი 40-55 თეთრი.
ამიტომ უკვე საეჭვოა, რომ შემოსავალმა თვითღირებულება შეიძლება ვერც დახუროს. წარმოების ხარჯები გაზრდილია, სასუქის, საწვავის, ტექნიკის მომსახურების თანხები. ასევე თვითონ სათესლე მასალის ხარჯი. ამ ყველაფერს შესაძლოა შემოსავალმა ვერც გადააჭარბოს.დაბალი ფასის გამომწვევია დიდი რაოდენობით უხარისხო პროდუქტის წარმოება. მისი ღირებულება დაბალია და მასზე მოთხოვნა დიდია.
ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მომხმარებელს ურჩევნია უხარისხო კარტოფილი იყიდოს დაბალ ფასად, ვიდრე ხარისხიანი შესაბამისი ფასით. რეალიზაციის პრობლემა, როგორც გითხარით, არასდროს მქონია. ერთი პერიოდი, ვაწვდიდით კომპანიას, რომელსაც აზერბაიჯანში გაჰქონდა გასაყიდად. დამოუკიდებლადაც ვცადე ექსპორტი, თუმცა სურსათის უვნებლობის კუთხით იმდენი დოკუმენტაციის მომზადება იყო საჭირო, რომ ამას ვერ ვახერხებდი“,- განაცხადა ილია ყავრელიშვილმა.
ფერმერის განმარტებით, მუშახელის სიმცირის და დაბალი ფასის გამო, წარმოების მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს.
„ადგილობრივი მომხმარებელი კი სულ მყავს. მიუხედავად ამისა, მუშახელის დეფიციტი და დაბალი ფასი იმდენად დიდი პრობლემაა რომ სამომავლოდ წარმოების შემცირებას ვგეგმავ. მომავალი წლისთვის მინდოდა 30 ჰექტარი დამემუშავებინა, მაგრამ შექმნილი სიტუაციის გამო, ვფიქრობ, რომ მხოლოდ მაქსიმუმ 10 ჰექტარს დავამუშავებ“,- აღნიშნა ფერმერმა.

ასევე დაგაინტერესებთ