დაბალი ალბათობაა, მაღალი რეპუტაციის კანდიდატები საპენსიო სააგენტოს საბჭოს წევრობით დაინტერესდნენ – გულედანი
კაპიტალის ბაზრის ექსპერტის, მარინა გულედანის შეფასებით, საპენსიო სააგენტოს მმართველობითი საბჭოს წევრობას დასავლელი, მაღალი რეპუტაციის მქონე პროფესიონალები არ მოისურვებენ.
საქმე ისაა, რომ მიმდინარე წლის მაისიდან საქართველოს საპენსიო ფონდში ნაცვლად არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოებისა იქმნება უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო – მმართველობითი საბჭო. ის 9 წევრისგან შედგება, რომელთაგან 8-ს ღია კონკურსის საფუძველზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო ერთი თანამდებობრივი წევრია.
როგორც მარინა გულედანმა BMG-ის განუცხადა, ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური გარემოს და დასავლეთთან გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სააგენტოს მმართველობითი საბჭო მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდეს.
„დღეს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოში გვყავს წევრები, რომლებიც დასავლურ ფინანსურ სექტორს წარმოადგენენ, მათ შორის, წამყვანი საპენსიო ფონდების წარმომადგენლები საფრანგეთიდან და სკანდინავიიდან. ძალიან დაბალი ალბათობაა, რომ ამ ტიპის კანდიდატები მმართველობითი საბჭოს წევრობით დაინტერესდნენ. პოლიტიკური გარემო, რომელშიც ეს შესარჩევი პროცესი მიმდინარეობს, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამიტომ მე გამოვრიცხავ, რომ რომელიმე მაღალი რეპუტაციის მქონე დაწესებულების წარმომადგენელმა ან გამოცდილების მქონე ადამიანმა მოინდომოს ასეთი საბჭოს წევრად დაფიქსირება. ამასთან, არ დაგვავიწყდეს, რომ საპენსიო სააგენტოს მარეგულირებლის, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პოტენციურად შესაძლოა, დასანქცირებული აღმოჩნდეს. ეს კი არანაირად არ ენდომება არცერთ მაღალი რეპუტაციის მქონე პოტენციურ კანდიდატს. ამიტომ იმ ადამიანების წრე, რომელთაგანაც შეიძლება დააკომპლექტეს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო, ძალიან შევიწროებული და არასახარბიელოა“, – განაცხადა მარინა გულედანმა.
ცნობისთვის, საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი 2024 წლის 11 დეკემბერს გამოცხადდა.